მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე DRG-ს სისტემის ამოქმედების შემდეგ ე.წ. აყვანილი ექიმებისთვის ხელფასის მომატების შესაძლებლობა აღარაა, თუმცა დაწესებული ტარიფები იძლევა საშუალებას, მათ შევუნარჩუნოთ ის ხელფასები, რომლებიც  DRG-მდე ჰქონდათ. ამის შესახებ "იმედის კლინიკის" დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა, პროფესორმა დავით კობეშავიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების ახალი სისტემა სამშობიაროებისთვისაც ამოქმედდა. ამასთან, გაიზარდა და გათანაბრდა ტარიფი როგორც საკეისროზე, ისე ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე. ტარიფში შედის „აყვანილი“ ექიმის მომსახურების, კვების და ყველა სხვა ხარჯის დაფინანსებაც.  ამასთან, სახელმწიფო აფინანსებს  მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით ჩატარებულ საკეისრო კვეთებს. მათ, ვისაც საკეისროს გაკეთება ჩვენების გარეშე სურთ, სახელმწიფო ამ ოპერაციას არ დაუფინანსებს და ასეთმა ორსულებმა ყველა ხარჯი თავად უნდა დაიფინანსონ. ასეთივე არჩევანი აქვთ იმ ორსულებს, რომლებსაც ვიპ-მომსახურების მიღება სურთ.

დავით კობეშავიძე ამბობს, რომ რეგულაციების ამოქმედებიდან ამ დრომდე, გამოიკვეთა კლინიკისადმი მშობიარეთა მიმართვიანობის ზრდის ტენდენცია.

„დიარჯის ამოქმედების შემდეგ მომართვიანობა გაიზარდა, რადგან მშობიარეს გაუჩნდა შესაძლებლობა, აირჩიოს ის კლინიკა, სადაც არის უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ჩვენ კი ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ,“- აღნიშნა კობეშავიძემ.

მისი თქმით, ვიპ მომსახურება შენარჩუნდა, თუმცა ამ სერვისსა და სტანდარტულ მომსახურებებს შორის იმდენად მცირე განსხვავება დარჩა, რომ ამ დრომდე ვიპ-მომსახურების მიღების მიზნით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე უარი მხოლოდ 7-8 პაციენტმა თქვა. 


„ვისაც სურდა „ვიაიპ“ მომსახურების მიღება, მას სათანადო ფინანსური რესურსიც ჰქონდა. ამიტომ სწორია, რომ ასეთ კონტინგენტს სახელმწიფო არ აფინანსებს. თუმცა თითებზე ჩამოსათვლელი ასეთი შემთხვევები მახსენდება იმიტომ, რომ ჩვენი კლინიკა პაციენტზეა ორიენტირებული და დიდი სხვაობა ვიპ და ჩვეულებრივ მომსახურებას შორის პრაქტიკულად არ არის. 


 ჯობია, მშობლებმა ეს თანხა ახალშობილს მოახმარონ,“- აღნიშნა დავით კობეშავიძემ.

მისი თქმით, DRG მომდევნო პერიოდში უნდა დაიხვეწოს. ამასთან, ის გამართლებულად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან საკეისრო კვეთების პროცენტული ლიმიტის დაწესებას, რომლის გადამეტების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.