დადგენილება, რომლითაც ონკოპაციენტებისთვის, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე წვდომა ულიმიტოდ ხდება შესაძლებელი, საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი, მთავრობის დადგენილება გულისხმობს ცვლილებების შეტანას „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში.

საუბარია ცვლილებაზე, რომლის ამოქმედებასაც ონკოპაციენტების ნაწილი თვეების განმავლობაში ითხოვდა. კერძოდ, მათი მოთხოვნა იყო, თითო პაციენტის მკურნალობაზე გამოყოფილი წლიური 25 ათასლარიანი ლიმიტი მოხსნილიყო და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დაფინანსება ულიმიტო გამხდარიყო. ამ მოთხოვნის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულ თანხაში შედიოდა როგორც მკურნალობის პროცესი და კვლევები, ისე მედიკამენტები. თუმცა პაციენტების ნაწილისთვის, სიმსივნის სახეობიდან გამომდინარე, ძვირადღირებული მედიკამენტები იყო საჭირო, რასაც 25 ათასლარიანი ლიმიტი არ ჰყოფნიდა. 

ცვლილების ამოქმედება ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. 


მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტებზე ფინანსური ლიმიტი იხსნება.

კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული წამლების ღირებულება ონკოპაციენტის მკურნალობისთვის გამოყოფილ წლიურ 25 000 ლარიან ლიმიტს არ გამოაკლდება და ცალკე პროგრამით, ულიმიტოდ დაფინანსდება. 25 ათას ლარს კი პაციენტები სხვადასხვა პროცედურისთვის მოიხმარენ - მათ შორისაა გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის 25 000-ლარიანი ლიმიტი ამოწურული აქვთ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს ნებისმიერ ონკოპაციენტს, მიუხედავად მათი შემოსავლისა და კერძო დაზღვევის ქონისა.

jandacva.ge