76 მომხრე, 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად დამკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი - „დამოუკიდებელი მეანი-ექთნის“ საქმიანობა და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები („მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება და საკანონმდებლო ცვლილება გახდება კანონქვემდებარე დოკუმენტებში ტერმინის ცვლილების საფუძველი).

კანონპროექტის მიზანია ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარება, მათი საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაციისა და სერტიფიცირებისათვის ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი შეიქმნება. სწორედ ამ რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. ხოლო საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის და მეანი-ექთნის წოდების მოპოვებისთვის სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2030 წლის 1 იანვრიდან ექნებათ.

ცვლილებები შედის ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ ასევე „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონებში და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტია. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სექტორში კი ექთნების და მეანი-ექთნების საჭიროზე მკვეთრად ნაკლები რაოდენობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე, გამოწვევაა ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობის პროფესიული რეგულირების მექანიზმების და ფორმალური უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის არარსებობა, რაც მოქმედებს როგორც პროფესიის პრესტიჟზე, ასევე ექთნების და მეანი-ექთნების კვალიფიკაციაზე.

ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კერძოდ: უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება. პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს  სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება. საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - ექთანი სპეციალისტი. შესაბამისი წოდებების მინიჭება ხორციელდება საბჭოს მიერ.
ინერგება ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმი, რომლის განმახორციელებელია სამინისტრო და შესაბამისი საბჭო.

პროფესიულ პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებულია სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა, ან გაუქმება.