კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია დროული და საჭირო ნაბიჯი იყო. ეს აუცილებელია იმისთვის, რათა სამედიცინო დაწესებულებებმა ფეხი აუწყონ თანამედროვეობას და ჰქონდეთ ურთიერთობა მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან.

ამის შესახებ „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორმა,  ანესთეზიოლოგმა და რეანიმატოლოგმა კახა ნურალიძემ რადიოგადაცემა „ჯანმრთელობის ლაბორატორიაში” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „პინეოში,“ სადაც საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ, ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მოხდა საგრძნობი ძვრები. 

„ხარისხობრივად სულ სხვა დონეზეა არა მხოლოდ მედპერსონალის აზროვნება, არამედ მათი ქმედება, რაც ყოველდღიურობა გახდა. ამასთან, იზრდება პაციენტების კმაყოფილების დონე, პერსონალის მომზადების დონე,  მარტივდება და კომფორტული ხდება ურთიერთობა სახელმწიფოსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან,“ - განმარტა კახა ნურალიძემ. 

აკრედიტაციის მნიშვნელობაზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა პაციენტის განწყობის მნიშვნელობასაც. მისი თქმით, ეს ის პაციენტი აღარაა, რაც 10-15 წლის წინ იყო. „მოთხოვნები დღითიდღე იზრდება, დღეს მხოლოდ განკურნება საკმარისი აღარ არის. განკურნება უნდა მოხდეს უსაფრთხო გარემოში, სადაც არის თანამედროვე მონიტორული სისტემები, თანამედროვე დიაგნოსტიკა და ა.შ.“ - განმარტა კახა ნურალიძემ.

მისი თქმით, „პინეოში“ ინერგება ისეთი თანამედროვე მიდგომები, როგორიცაა 100%-ით უსაფრთხო ანესთეზია,  სრული ინფორმაციული წვდომა პაციენტისა და მისი ოჯახისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ. 


„გვინდა მივაღწიოთ კომფორტს უსაფრთხოებასთან ერთად. დავიწყეთ შეტყობინებები, როცა პერსონალი ღამე რეკავს პაციენტის ოჯახში და ზოგად ფარგლებში ატყობინებს მას პაციენტს მდგომარეობის შესახებ,“ - აცხადებს ნურალიძე. 
 
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება კლინიკებს 2025 წლიდან აქვთ, გასული წლის ბოლომდე კი მათ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ მააკრედიტებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რითიც დაადასტურებდნენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას. საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.


აკრედიტაცია საქართველოში მოქმედ არაერთ სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიენიჭა.