ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი, დაგეგმილთან შედარებით 250 მილიონი ლარით იზრდება და 7 მილიარდ 108 მლნ ლარით განისაზღვრება.

„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხს დღეს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება 2023 წლის ბიუჯეტში 2022 წელთამ შედარებით 620,0 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა, რომლის ფარგლებში განხორციელდა როგორც პენსიების, ასევე ბავშვთა სოციალური დახმარებების ზრდა.

ამასთან, მნიშვნელოვანი ზრდების მიუხედავად, 2023 წლის განვლილ პერიოდში რიგი მიმართულებებით გამოიკვეთა დამატებითი დაფინანსების საჭიროება, რომელთა დაფინანსება მიზანშეწონილია განხორციელდეს მიმდინარე წელს დაგეგმილთან შედარებით დამატებით მიღებული შემოსავლების ხარჯზე.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 250,0 მლნ ლარით და განისაზღვრა 7 108,4 მლნ ლარით. დამატებითი თანხა გათვალისწინებულია: 75,0 მლნ ლარი მიიმართება პენსიებისა და კომპენსაციების დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პერიოდში პენსიის ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 806 ათასამდე ბენეფიციარს და წინა წლების მსგავსად გაანგარიშება გაკეთებული იყო ბენეფიციართა რაოდენობის 15 ათასით ზრდაზე. თუმცა, აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციართა ზრდამ უკვე გადააჭარბა 20 ათასს და შესაბამისად, წლის ბოლომდე პენსიების შეუფერხებლად დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებითი ასიგნებები;  30,0 მლნ ლარი მიიმართება მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებების დასაფინანსებლად; 8,0 მლნ ლარი მიიმართება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატის დასაფინანსებლად; 17,0 მლნ ლარი მიიმართება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა ხელფასების დასაფინანსებლად; 120,0 მლნ დამატებით გამოყოფილია ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის გათვალისწინებულია ახალი პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯებიც,“- ნათქვამია განმარტებით ბარათში.