მიუხედავად დრჯ-ის შემოღების დადებითი შედეგებისა, გარკვეული სერვისები არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და პაციენტებს უწევთ მთლიანი თანხის გადახდა, რაც ამცირებს პაციენტის ფინანსურ ხელმისაწვდომობას.
ამის შესახებ ნათქვამია თენგიზ ვერულავასა და ელენე დავითურის (ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი) სტატიაში, რომელიც დიარჯის თემას ეხება და ჟურნალ „ფორბში“ გამოქვეყნდა.
სტატიაში ერთ-ერთ ასეთ სერვისად დასახელებულია მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება მაღალხარისხიანი, ძვირად ღირებული იმპლანტით. საყურადღებოა, რომ მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება განსაკუთრებით ხშირია საპენსიო ასაკის პირებში.
„მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების იმპლანტს ძირითადად შემდეგი ქვეყნები აწარმოებენ: აშშ, გერმანია, თურქეთი, ინდოეთი და ჩინეთი. თურქული, ინდური და ჩინური იმპლანტი შედარებით დაბალი ხარისხის და, შესაბამისად, დაბალფასიანია. ხოლო ამერიკული და გერმანული იმპლანტები უფრო მაღალი ხარისხისაა და, შესაბამისად, ფასიც მაღალია. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციების შემთხვევაში იყენებენ მხოლოდ დაბალფასიან თურქულ, ინდურ და ჩინურ იმპლანტს. სახელმწიფოს მიერ არ ხდება მაღალი ხარისხის, შედარებით ძვირად ღირებული ამერიკული და გერმანული იმპლანტების დაფინანსება. მუხლის სახსრის ამერიკული და გერმანული იმპლანტის ღირებულება დაახლოებით 6000 ლარია, მაშინ როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემით მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების სრული სახელმწიფო ტარიფია 6148.37 ლარი. ამგვარად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული დაფინანსებით კლინიკა მაღალი ხარისხის პროთეზით ოპერაციის ხარჯებს ვერ ფარავს და წაგებიანია,“- ნათქვამია სტატიაში. მასში განმარტებულია, რომ დრჯ-ის შემოღებამდე პაციენტს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზემოთ ხარჯები თანაგადახდის სახით თავად დაეფარა. დრჯ-ის შემოღების შემდეგ დღეს პაციენტს ამის შესაძლებლობა აღარ აქვს. მაღალხარისხიანი იმპლანტით ოპერაციის არჩევის შემთხვევაში პაციენტმა მთლიანად უნდა გადაიხადოს კლინიკის მიერ დადგენილი სამედიცინო მომსახურების ღირებულება შიდა სტანდარტით, რაც ხშირ შემთხვევაში 10000 ლარს აღემატება.
„ცხადია, დრჯ-ის დაფინანსების სისტემის შემოღებამ გაზარდა სამედიცინო სერვისებზე პაციენტის ფინანსური ხელმისაწვდომობა, მაგრამ გარკვეულ, მაღალხარისხიან სერვისებზე იგივე არ ითქმის. გარკვეულ სერვისებზე პაციენტებს წაერთვათ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმ საბაზისო საყოველთაო დაფინანსებით, რასაც სახელმწიფო გასცემს კონკრეტულ ოპერაციაზე, ხოლო მაღალხარისხიანი მასალის არჩევისას, დამატებით თანხა გადაიხადონ საკუთარი სახსრებით, თანაგადახდის სახით. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს,,უკეთესი’’ სერვისის მიღება სურს, იგი იძულებული ხდება, მთლიანად უარი თქვას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაზე და მკურნალობის ღირებულება სრულად გადაიხადოს თავად. შედეგად, პაციენტები იძულებული არიან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევებისათვის თავად მოახდინონ თანხების მობილიზება. აღნიშნული ნეგატიურად მოქმედებს პაციენტის ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა საპენსიო ასაკის პირებში, სახელმწიფო ვალდებულია, დააფინანსოს არა დაბალფასიანი და შესაბამისად დაბალხარისხიანი, არამედ მაღალხარისხიანი იმპლანტით ოპერაციები. ამისათვის მიზანშეწონილია მაღალხარისხიანი იმპლანტით ოპერაციებზე თანაგადახდის პრინციპის შემოღება, სადაც მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო გადაიხდის, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაიფარება თანაგადახდით. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელი იძლევა ასეთ, მოქნილად მიდგომის შესაძლებლობას, რათა მოერგოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის სამართლიან მოთხოვნებს,“ - აღნიშნულია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ძვირადღირებული ჩარევების დაფინანსების კუთხით არსებულ პრობლემებს ჰოსპიტალური სექტორის ნაწილი ჯერ კიდევ "დიარჯის" ამოქმედებამდე სვამდა. პრობლემა ახლაც აქტუალურია და ის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების წარმომადგენელთა შეხვედრებზე განიხილება.
მიმდინარე წლის 31 მაისს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში DRG-ს დაფინანსების ცვლილების შესახებ გაჟღერდება.