გასულ წლებში, ვიდრე ჰოსპიტალიზაციის სპეციალური ელექტრონული პორტალი ამოქმედდებოდა, ცალკეული კლინიკების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ პაციენტების გადამისამართება არაობიექტურად ხდებოდა.

ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა განაცხადა. Jandacva.ge-მ მახარაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირბით არსებული შეკითხვებით მიმართა. 


შეგახსენებთ, რომ სუსის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, რომლის  დიდი ნაწილიც კოვიდპანდემიის მწვავე ფაზაზე მოდის, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მაშინდელმა სამმა თანამშრომელმა  კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.
თავის მხრივ, კლინიკების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მოხელებისთვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარი, ხოლო მეორემ - 76 771 ლარი. 


დანაშულებრივი სქემა სუსის განცხადებაში ასეა განმარტებული: 

„სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება "ვიანის" წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და, სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება "ვიანისადმი" დაქვემდებარებულ კლინიკებში.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.
თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლარის შემოსავალი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.“

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული სისტემა პაციენტების სამართლიანი ჰოსპიტალიზაციის მიზნით 2023 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა. 


კერძოდ, შეიქმნა სპეციალური პორტალი და ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, ამ ელექტრონულ პლატფორმაზე მიუთითონ, შეუძლიათ თუ არა მიმდინარე ეტაპზე ამა თუ იმ ჩვენების მქონე პაციენტების მიღება.

ახალი რეგულაციით, განისაზღვრა გეოგრაფიული არეალები იმ კლინიკების გარშემო, სადაც ამ არეალში მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს. ამასთან, კლინიკები ელექტრონულ პორტალზე მუდმივად უნდა აახლებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი პაციენტის მიღება შეუძლიათ იმ მომენტში. მაგალითად, ამ პორტალზე უნდა ჩანდეს, თუ რომელიმე კლინიკას რეანიმაციაში თავისუფალი ადგილი არ აქვს, ან მაგალითად, გაუფუჭდა „კატეს“ აპარატი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ამ ინფორმაციას ხედავს და პაციენტსაც ასეთ კლინიკაში არ გადაამისამართებს.


Jandacva.ge დაინტერესდა, თუკი მსგავსი პორტალი 2023 წლამდე არ ფუნქციონირებდა, რას გულისხმობს სუს-ის განცხადებაში ნახსენები „ელექტრონული მართვის პროგრამა,“ მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ეს, სავარაუდოდ, ცენტრის შიდა სისტემა იყო. 

ამასთან, მახარაშვილი აცხადებს, რომ 2023 წლიდან პორტალის ამოქმედების მიზანი სწორედ ის იყო, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ერთიანი კრიტერიუმებით, გამჭვირვალედ მომხდარიყო. 
„პორტალის ამოქმედებამდე, პტაქტიკა ასეთი იყო: სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი პაციენტთან მისვლის შემდეგ, ადგილზე არკვევდა, რომელ კლინიკაში იყო თავისუფალი ადგილი. ამ პრაქტიკის გამო კლინიკების ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა, რომ პაციენტები უმეტესაც სხვა კლინიკებში მიჰყავდათ და არა მათთან, რასაც ისინი გარიგებით ხსნიდნენ. ახალი პორტალის ამოქმედებაც ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ  პროცესი გამჭვირვალე გამხდარიყო,“ - განაცხადა მახარაშვილმა.