კლინიკები აკრედიტაციის გასავლელად მზადებას აგრძელებენ. ჰოსპიტლების ნაწილმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები მააკრედიტებელ ორგანიზაციებთან, შესაბამისად, გაჩნდა კონკურენტული ფასის შეთავაზებები.
რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გახდა ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, AACI-ის აკრედიტაციის ფასი დადგინდება კლინიკის სიმძლავრეების მიხედვით და იქნება კონკურენტული.
გაერთიანება კლინიკებს ასევე შესთავაზებს დამატებით ბენეფიტებს, რაც მოყვება AACI-ში აკრედიტაციას.
ასოციაციის განცხადებით, მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია: კლინიკის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის მობილურიტელეფონი.
კიდევ ერთი საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია, რომელთანაც ქართული სამედიცინო სექტორი თანამშრომლობას იწყებს, გერმანული Temos international-ია. მაისში “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა” ხელშეკრულება გააფორმა „აკრედიტაცია კანადასთან“. მემორანდუმის თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი “აკრედიტაცია კანადასთან“ ერთად იწყებს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება. როგორც ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, სამედიცინო დაწესებულებებს აკრედიტაციის მიღების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ და სააკრედიტაციო ორგანიზაციის შერჩევა უკვე დაიწყონ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კლინიკებს 2-3 სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება მიეცემათ, რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც 2025 წლიდან ექნებათ და მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ შეძლებენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება თავად სტანდარტებს, საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე.
რამდენიმე კლინიკას, საკუთარი ინიციატივით, უკვე გავლილი აქვს ეს აკრედიტაცია.
„სანამ მათი შესრულება სავალდებულო გახდება, 2 წელზე მეტია დარჩენილი. ვფიქრობთ, სამედიცინო დაწესებულებებს გონივრულ ვადას ვაძლევთ ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რომ ოპერირება შეძლონ, ან მაშინ განაგრძონ, როდესაც ყველა პირობას შეასრულებენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის ივლისში.





