რეანიმაციის ახალი სტანდარტის ძალაში შესვლის შემდეგ თბილისის კლინიკებში საწოლფონდის 10-20% უკვე შემცირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის: რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებული იყო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაეკმაყოფილებინა.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების,
მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ აქვს.
რამდენმა კლინიკამ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული პირობები - ჯანდაცვის სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.


მაია მახარაშვილის თქმით, ერთერთი სერიოზული პრობლემა ინფრასტრუქტურულმა სტანდარტებმა შექმნა, რომლებიც გარკვეულ ფართზე მხოლოდ თითო საწოლის განთავსებას უშვებს. მაია მახარაშვილის განცხადებით, ისეთი სტანდარტის შემოღება, რომელიც კედლების დანგრევას საჭიროებს, საკამათოა.
 
„საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს უძველესი კლინიკები ძველ შენობებში და ახალი კლინიკებიც. როცა ახალი კლინიკა შენდება, იქ მაქსიმალურად გაზრდილი სტანდარტის დაკმაყოფილება შეიძლება მოითხოვოს სახელმწიფომ, მაგრამ როცა ძველი კლინიკა არსებობს და მას თავისი გეომეტრია აქვს, ამ გეომეტრიის დარღვევა ძალიან რთულია. შესაბამისად, ძალიან ბევრ კლინიკას რეანიმაციული საწოლების შემცირება მოუწია,“ - განმარტა მაია მახარაშვილმა და აღნიშნა, რომ  რეანიმაციული საწოლების ფონდის შემცირდება განსაკუთრებული პრობლემა იქნება  და კრიტიკულ ცვლილებას გამოიწვევს რეგიონებში, სადაც მცირე ზომის კლინიკებია. თუმცა თბილისში, მისი თქმით, საწოლფონდის 10-20% უკვე შემცირდა.

ცნობისთვის:  „საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის“ თანახმად, 2012-დან 2021 წლამდე, საქართველოში 100 000 მოსახლეზე საავადმყოფოების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 4.9-დან 7.1-ს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 2,9-ს შეადგენს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ჰოსპიტალური სექტორის, არამედ პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე.