2026 წელს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე უმაღლესი კატეგორიის, საერთაშორისო ბრენდის, 140-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე კურორტის პოპულარიზაციას და მოთხოვნას გაზრდის. ამის შესახებ Jandacva.ge-სთან საუბარში თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სალომე ყვავილაშვილმა განაცხადა, თუმცა რომელი ბრენდი მოახდენს სასტუმროს ოპერირებას, ამ ეტაპზე არ ასახელებს. 

სასტუმროს ტერიტორიაზე შედარებით დაბალი კლასის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს.

მისივე თქმით, თბილისის და ზოგადად, ბალნეოლოგიურ კურორტებს საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რადგან თანამედროვე, განვითარებულ მსოფლიოში პროფილაქტიკური, ბალნეო და სარეაბილიტაციო პროცედურები ძალიან დიდ პოპულარობას იძენს და ადამიანები უკვე ბალნეო-მკურნალობაზე გადავიდნენ. ამ ფონზე, როგორც სალომე ყვავილაშვილი აღნიშნავს, თბილისის ბალნეოლოგიური სპა-კურორტის ცნობადობა დაბალია არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, მისივე განცხადებით, ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან ამ სერვისებისადმი ინტერესი იზრდება, რაც იმის შედეგია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობას და ეს კულტურა საქართველოშიც მკვიდრდება. 

„საქართველოს ბალნეო მიმართულებით უზარმაზარი რესურსი გააჩნია. ევროპაში ორი დედაქალაქი-კურორტია - ბუდაპეშტი და თბილისი. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უნიკალური დაწესებულებაა. ესაა ერთადერთი დაწესებულება საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში 4 ძირითად მიმართულებას - სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ბალნეო და სპა-გამაჯანსაღებელ მიმართულებებს - აერთიანებს. გვაქვს 2 ათასამდე სერვისი - ყველა პროფილის სამედიცინო კვლევები, ფიზიოპროცედურები, ლაბორატორიული მომსახურება. გვაქვს ენდოკრინოლოგიური მომსახურება, ჩვენთან მოდიან ასევე ჭარბწონიანი პაციენტები, ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემების და სხვა უამრავი დაავადების მქონე მოქალაქეები. 


ტარდება სხვადასხვა სახის მინერალური, გოგიროდოვანი წყლის ბალნეოპროცედურები, დაჭიმვები, მასაჟი, არის კოსმეტოლოგიური სერვისები, სოლარიუმი...  ჩაწერა შესაძლებელია ნებისმიერი საშუალებით - ტელეფონით, სოციალური ქსელებით. ჩვენთან მოსული პაციენტი გადის კონსულტაციას ბალნეოთერაპევტთან, რომელიც ამისამართებს მისთვის საჭირო კვლევებზე. გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება ყველა სადაზღვევო კომპანიასთან. განსაკუთრებით მზარდია მოთხოვნა სპა-გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. ამ ყველაფერს ვაკეთებთ უახლოესი თაობის აპარატურით, ამ ფონზე კი ფასები, ბაზარზე არსებულ ტარიფებთან მიმართებაში, დაბალია. მაგალითად ფიზიოპროცედურები 15-25 ლარიდან იწყება,“ - აღნიშნა სალომე ყვავილაშვილმა. ამ ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, მისი თქმით, კურორტის 2 ათასამდე სერვისიდან დღეში 200-300-ზეა მოთხოვნა, შესაბამისად პოტენციალის დიდი ნაწილი გამოუყენებელია.  მომხმარებელთა 90% ადგილობრივია, უცხოელ ტურისტებზე კი მომხმარებელთა 10-15% მოდის. სალომე ყვავილაშვილის თქმით, აუცილებელია, შესაძლებლობების სრულად გამოყენებაში ბიზნესს მხარში სახელმწიფო დაუდგეს, რადგან სამედიცინო და გამაჯანსაღებელ ტურიზმს აქვს პოტენციალი, ქვეყნის შემოსავლების მთავარ წყაროდ იქცეს. 
 
ცნობისთვის: მეიდან ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ 2017 წელს შეიძინა და მისი განვითარება დაიწყო.