ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ონკოლოგიური პაციენტების უწყვეტ დაფინანსებაში და ხელმისაწვდომობაში, თუმცა გამოწვევები რჩება. ამის შესახებ ონკომედიკამენტების დაფინანსების სქემაში დაანონსებულ ცვლილებებზე საუბრისას ონკოლოგმა ნია შარიქაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ონკოპაციენტები მედიკამენტებს ლიმიტის გარეშე მიიღებენ და 25 ათასლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც შესაბამისი სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული. 


ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვისაც შეიძლება ჰქონდეთ ამოწურული აღნიშნული 25-ათასლარიანი ლიმიტი.

ნია შარიქაძის თქმით, მედიკამენტების სიძვირიდან გამომდინარე, არაერთი შემთხვევაა, როცა პაციენტი მკურნალობის დანიშნულ კურსს სრულად ვერ იტარებს. 

„ზოგი ონკოლოგიური დაავადების დროს ქიმიოთერაპია საერთოდ არაეფექტიანია, მას სჭირდება თანამედროვე იმუნოთერაპია და სამიზნე თერაპია, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია. აქ ვიყავით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩვენც და პაციენტებიც. პაციენტების ლიმიტი ძალიან მალე იწურებოდა, ეფექტიანიც რომ ყოფილიყო ეს მკურნალობა, მათ აღარ შეეძლოთ ფინანსურად ამ მკურნალობის გაგრძელება და ამიტომ წყალში ჩაყრილი იყო ის თანხაც და პაციენტებიც შუა გზაზე წყვეტდნენ მკურნალობას,“- განაცხადა შარიქაძემ.

მედიკამენტების ლიმიტის მოხსნის შემდეგ ონკოპაციენტებისთვის გამოწვევები ისევ რჩება. პარლამენტში თვეებია, მიმდინარეობს სპეციალური მოკვლევა, რომლის მიზანიცაა, დაადგინოს, რა ხარვეზების აღმოფხვრაა საჭირო, რათა ონკოპაციენტების მკურნალობა სრულფასოვანი იყოს. კვლევა ფინალურ სტადიაზეა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პრობლებაა ადრეული დიაგნოსტიკა, რომელიც სიმსივნის საწყის სტადიაზე აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. კვლევაში კიდევ ერთ ჩავარდნად სახელდება მკურნალობის თანამედროვე თერაპიები.