ღეროვანი უჯრედების დონორთა რეგისტრის ფუნქციონირების დაწყებამდე ბოლო ნაბიჯები რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს.


„ფლორენციაში WMDA და EBMT პრეზიდენტებთან  შეხვედრები, კლინიკის და ქვეყნისთვის, დადებითი გადაწყვეტილებით დასრულდა. 


ვულოცვთ ქართულ სამედიცინო საზოგადოებას ამ წარმატებას,“ - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: WMDA- ესაა ძვლის ტვინის დონორების მსოფლიო ასოციაცია, რომლის მიზანიც ღეროვანი უჯერების სფეროში გამოცდილების გაცვლა და გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებაა.

მისი მიზანია, პაციენტებს მთელს მსოფლიოში ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაზე.  


WMDA ასევე არის ღეროვანი უკრედების რეგისტრების მსხვილი გაერთიანება, რომელშიც 55 ქვეყანა შედის. მის ბაზაში ძვლის ტვინის 39 ათასამდე პოტენციური დონორისა და ჭიპლარის სისხლის 800 000-ზე მეტი დონორის მონაცემებია თავმოყრილი.

მიუხედავად ამ შთამბეჭდავი რიცხვისა, სპეციალისტების თქმით, ეს მონაცემები მაინც არასაკმარისია.

EBMT კი არის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ასოციაცია, რომელიც ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის სფეროში მეცნიერებისა და ექიმებისთვის გამოცდილების გაზიარების პლატფორმაა. მისი საბოლოო და მთავარი მიზანია სისხლის კიბოს და სხვა საშიში დაავადებების მქონე პაციენტების გადარჩენა.

პროექტის შესახევ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ღეროვანი უჯრედების მსოფლიო რეგისტრთან მიერთებას, Jandacva.ge ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ წერდა
აღნიშნულს ორგანიზებას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა უწევს.

როგორც მაშინ კლინიკაში აცხადებდნენ, რეგისტრში გაწევრიანებით, საქართველოს ღეროვანი უჯრედების დონორის მოძიების საშუალება ათეულობით ქვეყანაში ექნება. შესაბამისად, კლინიკა მსოფლიო ბანკიდან დონორის მიღების გზით, ძვლის ტვინის ალოგენური არანათესაური და ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაციის განხორციელებას შეძლებს.

„ეს იქნება უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, თუ არ აღმოჩანდათ და-ძმა ან ოჯახის წევრი, რომელიც დონორად გამოადგებათ, მთელ მსოფლიოში მოიძიოს ინფორმაცია და გამოუჩნდეს დონორი, რომლის საშუალებითაც პაციენტების სიცოცხლე გადარჩება,“- განაცხადა ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით.

დონორთა მსოფლიო ბანკის წევრობით, საქართველოს მოქალაქეები ღეროვანი უჯრედების როგორც აუტოლოგიურ ისე ალოგენურ (არანათესაურ) და ჰაპლოიდენტურ გადანერგვას ადგილზე შეძლებენ.

ინგოროყვას კლინიკა ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტში, თბილისის მერიის  ტრანსპლანტაციის პროგრამის განმახორციელებელია

ალოგენური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სხვა, ჯანმრთელი დონორის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას გულისხმობს,  აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია კი თავად პაციენტის უჯრედის გადანერგვას ნიშნავს.