საქართველო ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეას პირველად უმასპინძლებს. ორდღიანი ღონისძიება დღეს წყალტუბოში იხსნება და მასში სხვადასხვა, ძირითადად ევროპული ქვეყნების 50-მდე კურორტის ხელმძღვანელი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად მოხდება ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაცია.

Jandacva.ge-სთან საუბარში თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სალომე ყვავილაშვილი აცხადებს, რომ ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული ბალნეოლოგიური კურორტების წარმომადგენლები და მათ ექნებათ შესაძლებლობა, კონტაქტები დაამყარონ უცხოელ კოლეგებთან. 
ყვავილაშვილის თქმით, ბალნეო-მიმართულება მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, რადგან განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ ყველამ დაინახა პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო პროცედურების მნიშვნელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტული გახდა. 
ყვავილაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბალნეოლოგიური კურორტების განვითარებას არაერთი კუთხით აქვს მნიშვნელობა - პირველ რიგში, ეს სახელმწიფოსთვის უდიდესი შემოსავლების მომტანი იქნება, რადგან ამ პროცედურების ჩატარების მიზნით შემოსული ტურისტები ერთ-ერთ ყველაზე მაღალმხარჯველ სეგმენტს წარმოადგენენ. დარგის განვითარება სხვადასხვა სექტორის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს. 


ამიტომ, სალომე ყაველაშვილის თქმით, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციას და ხელშეწყობას.  


ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრის მოხსენებაში, რომლითაც ის მარტის დასაწყისში პარლამენტის წინაშე წარსდგა,  საუბარია კურორტების განვითარების გეგმაზეც, რომლის თანახმადაც ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში, შეირჩა 60-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, მათ შორის ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის, ტბის, ზღვის კურორტი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, რომლებზეც ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები მსოფლიოში საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა მოამზადეს.


„2024 წელს დამატებით იგეგმება 20-ზე მეტი კურორტისა და საკურორტო ადგილის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. რაც მთავარია, 2024 წელს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგია შემუშავდება”, - ნათქვამია ლევან დავითაშვილის მოხსენებაში.

Jandacva.ge