საქართველოს ჰყავს კარგი ონკოლოგები, რომლებიც პროფესიონალიზმით არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოელ კოლეგებს. 


ამის შესახებ კლინიკურმა ონკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, “ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის” ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ფიფიამ რადიოგადაცემაში „ჯანმრთელობის ლაბორატორია“ საუბრისას განაცხადა.

ის შეეხო საქართველოში პაციენტების მხრიდან ექიმების მიმართ უნდობლობის საკითხს და აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობით, ნებისმიერ მოქალაქეს  შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, შეცვალოს ექიმი. ამასთან, ფიფიას თქმით, ერთი კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში ექიმების პოზიციები შესაძლოა, არ დაემთხვეს ერთმანეთს, რაც ბუნებრივი მოვლენაა. ამიტომ აუცილებელია ინფორმირებული თანხმობა პაციენტსა და ექიმს შორის ამა თუ იმ სამედიცინო პროცედურის და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვისას.

„ჩვენ გვყავს კარგი ექიმები, განსაკუთრებით ონკოლოგიაში, მათ შორის რეგიონებშიც. რაც შეეხება სერვისებს, ყველაფერია ხელმისაწვდომია, იქნება ეს მაღალტექნოლოგიური კვლევები, რადიო თერაპია თუ პერსონალიზებული მკურნალობა, რაც თარგეტულ და იმუნოთერაპიას გულისხმობს. ამასთან,  საჭიროა პირადი კომუნიკაცია, რომ პაციენტი ექიმის მიმართ ნდობით განეწყოს. თუ ნდობით არაა განწყობილი კონკრეტული ექიმის მიმართ, შეუძლია შეცვალოს იგი და სხვა ექიმის აყვანა მოითხოვოს. ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ამასთან, პაციენტს აქვს უფლება მოისმინოს ალტერნატიული აზრი.  მედიცინა მათემატიკა  არაა. არის სხვადასხვა კლინიკური შემთხვევები და ექიმებს მათზე შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ.  შეიძლება ორივე მართებული იყოს, ექიმმა და პაციენტმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა გზით წავიდნენ,“- აღნიშნა ნინო ფიფიამ.

მისი თქმით, საქართველოში ონკოლოგიას სხვადასხვა მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები აქვს, რაც რიგ შემთხვევაში განვითარებული ქვეყნების მიღწევების იდენტურია. 


ონკოლოგი ამბობს, რომ განზოგადებულ შეფასებას ვერ გააკეთებს, თუმცა მაგალითად ონკოპედიატრიის ნაწილში, სადაც დაბალი და მაღალი შემოსავლების ქვეყნებს შორის საერთო გადარჩენადობის მაჩვენებლები, როგორც წესი, განსხვავდება, საქართველოში, საბედნიეროდ, ეს მონაცემი 90%-ია. 


რაც შეეხება ზრდასრულ პაციენტებს, ნინო ფიფიას თქმით, 2015-2019 წლის მონაცემებით,  საშვილოსნოს ყელის შემთხვევაში გადარჩენადობის მაჩვენებელი ამერიკასთან ძალიან ახლოსაა - შტატებში ეს 62%-ია, საქართველოში კი  57. ამასთან, საუბარია 5 წლის წინანდელ მონაცემზე, დღეს კი ქართველ ონკოლოგებს მედიკამენტებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე უკეთესი ხელმისაწდვომობა აქვთ. შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება. 


„როცა ეს მაჩვენებელი განახლდება, მივხვდებით, რომ უკეთესობისკენ მივდივართ. ჩვენი ექიმები ინტელექტით არაფრით არ ჩამოუვარდებიან საზღვარგარეთის მედპერსონალს,“ - განაცხადა ნინო ფიფიამ. 
მისი თქმით, ქვეყანაში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის 9 ათასიდან 11 ათასამდე დიაგნოზი ისმევა.