ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შესაძლებელი ხდება საქართველოში ისეთი ინოვაციების ჩამოტანა, რომლის შედეგადაც ჯანდაცვის სისტემა ყოველდღიურად უმჯობესდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, სილვიუ დომენტესთან შეხვედრაზე განაცხადა. 


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. 


შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ჯანდაცვის სერვისებსა და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის, ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

„უმნიშვნელოვანესია ეს თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ამ ორგანიზაციასთან და წლების გამოცდილება მნიშვნელოვნად აჩვენებს და წარმოაჩენს, რაოდენ დიდი პარტნიორი შეიძლება იყოს საქართველოს ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის ეს ორგანიზაცია. მასთან თანამშრომლობით შესაძლებელი ხდება ისეთი ინოვაციების საქართველოში ჩამოტანა, რომლის შედეგადაც ყოველდღიურად გაუმჯობესებადი ხდება ჯანდაცვის სისტემა,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


„განხილვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო საქართველოს ევროკავშირში მიღება და საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის ფლობა. ამგვარად, მნიშვნელოვანია ყველა სფეროში, მათ შორის ჯანმრთელობის სფეროში სისტემების რეგულირება და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის დირექტოვებთან თანხვედრაში. განვიხილეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა,“ - განაცხადა სილვიუ დომენტემ.