ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 115 მილიონით გაიზრდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას იძლევა.
„მთლიანობაში, 519 მლნ ლარით შეგვიძლია, გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის სამინისტროს, 80 მილიონი – განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, 33 მილიონით გაიზრდება კულტურის და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 10 მილიონი დაემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს, 10 მილიონი – რეგიონულ განვითარებას და ინფრასტრუქტურას, 6 მილიონით გაიზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, ცესკო-ს დაემატება 3 მილიონი ლარი, 60 მილიონი ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიების ბიუჯეტი და 102 მილიონი დამატებით გადაეცემა მუნიციპალიტეტებს. ასეთი არის შემოთავაზებული განაწილება, რის მიხედვითაც მომავალში ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.