სადაზღვევო პოლისების გაძვირების ბუნებრივ ტრენდს, რაც, როგორც წესი, წლიდან წლამდე გრძელდება და ე.წ. სამედიცინო ინფლაციას მისდევს, ახალი ფაქტორი დაემატა. პსპ დაზღვევის 2023 წლის ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების თანახმად, 2023 წელს, მთავრობის ორი გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბაზარს გარკვეული რისკები დაემატა.

„მთავრობის 36-ე დადგენილებაში ცვლილებები მიზნად ისახავს ორმაგი დაზღვევის ქონის შემთხვევაში პირველ რიგში გამოყენებული იქნას კერძო დაზღვევის ლიმიტები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები განსაკუთრებით საპენსიო და პედიატრიული ასაკის პაციენტებში. მთავრობის მეორე დადგენილებამ, მედიკამენტებზე ე.წ. „რეფერენტული ფასების შემოღებამ“ კი გააძვირა სადაზღვევო კომპანიების მიერ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები,“ – ნათქვამია დოკუმენტში და იქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნული რისკების შემცირების მიზნით კომპანია მუდმივად ახორციელებს სამართლებრივი გარემოს მონიტორინგს და მათი ხარჯებზე გავლენა შეაქვს სადაზღვევო პოლისების ფასებში.

36-ე დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა გარკვეული სამედიცინო სერვისის დაფინანსებას როგორც კერძო დაზღვევა, ისე საყოველთაო ჯანდაცვა ითვალისწინებს (მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები), პირველი რიგის გადამხდელი კერძო კომპანიაა და მხოლოდ მისი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ერთვება დაფინანსებაში ჯანდაცვის სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ არსებული პრაქტიკით, სადაზღვევო პოლისებში, მსგავს შემთხვევებში, პირველი რიგის გადამხდელი სახელმწიფოა. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევა არ მოქმედებს, რა მექანიზმით დაავალდებულებს სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებს, შეცვალონ კონტრაქტების ეს მუხლი, უცნობია. იმ შემთხვევაში, თუკი კლიენტთან მოლაპარაკების შედეგად სადაზღვევო კომპანიები მსგავს მუხლს ჩადებენ, ეს ლოგიკურად პოლისის გაძვირებას გამოიწვევს. 


ამას ემატება კლინიკებისა და ამბულატორიების სერვისების გაძვირების ტენდენცია, რომელსაც სტაბილური სახე აქვს. საქსტატის მონაცემებით, ივლისის თვეში, გასული წლის იგივე თვესთან შედარებით საავადმყოფოების და ამბულატორიების მომსახურება დაახლოებით 3%-ით გაძვირდა.

მცირე, დაახლოებით 1%-იანი შემცირება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის ფასებზე.