ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, ყველა ონკოპაციენტზე დაფინანსების თანაბარი პრინციპი გაევრცელებინა, იყო ძალიან სწორი და ონკოლოგია არის ის საკითხი, სადაც რეალურად საყოველთაო ჯანდაცვა გვაქვს. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. 


„ის, რომ ყველა ადამიანს - დაზღვევის მქონესაც და არმქონესაც სახელმწიფო თანაბრად უფინანსებს ონკოლოგიურ სერვისებს, არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ონკოლოგია ესაა სფერო, სადაც „საყოველთაო ჯანდაცვა“ მართლაც საყოველთაოა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ონკოპაციენტი ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამა, რითიც სახელმწიფომ აღიარა, რომ საქართველოში ასეთი დაავადების მკურნალობა ვერ ხერხდება და საჭიროა პაციენტების უცხოეთში გადამისამართება. თუმცა ამას უნდა ჰქონოდა დაზღვევის სახე, რათა მშობელს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, რომელ ქვეყანაში და კლინიკაში სურს შვილის მკურნალობა. რაც შეეხება იმას, რომ მშობელმა შეიძლება თავად ვერ შეარჩიოს კლინიკა, ბაზარზე უკვე ძალიან ბევრი საკონსულტაციო კომპანიაა, რომლებიც თურქეთის სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობენ და ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს,“ - განმარტა დევი ხეჩინაშვილმა.

jandacva.ge-ს კითხვაზე, მკურნალობის ცალკეული პროგრამების გაფართოება რამდენადაა გამოსავალი და იგეგმება თუ არა სისტემური ცვლილება საბაზისო და სავალდებულო დაზღვევის შემოღების სახით, დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 


„შესაძლოა რაღაც ეტაპზე დაიწყონ რეფორმა. შესაძლოა, სხვა გზით წავიდნენ და ეს აღმოჩნდეს ეფექტიანი. თუმცა სავალდებულო დაზღვევის გარეშე დაზღვევის ბაზარი ვერ განვითარდება. ვგულისხმობ დასაქმებულთა და მათი ოჯახების სავალდებულო დაზღვევას, ასევე საბაზისო პაკეტის შემოღებას,“ - განმარტა დევი ხეჩინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის კუთხით სახელმწიფომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან სიახლე დანერგა: თუ ადრე 25-ათასლარიანი ლიმიტით მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული მოქალაქეები (სოცდაუცველები, პენსიონრები, ბავშვები და .აშ.) სარგებლობდნენ, დღეს აღნიშნული ლიმიტი ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, შემოსავლებისა და კერძო დაზღვევის ფლობის მიუხედავად.

jandacva.ge