რეგულაციის ცვლილების შემდეგ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტები შესაძლოა, გაძვირდეს, თუმცა ადამიანისთვის, რომელიც უცხოეთში მიდის სამოგზაუროდ, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი გაძვირება იმ გაზრდილ დაცულობასთან შედარებით, რასაც ის მიიღებს. 


ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ: 15 იანვრიდან ძალაში შევიდა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა მიხედვით, გაიზარდა დაზღვევის მომსახურების ლიმიტები. კერძოდ:

თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ტოლია ან აღემატება 30,000 ევროს/აშშ დოლარს,
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 5 000 ევროსი/აშშ დოლარისა. მანამდე ძირითადად ლიმიტი იყო 1000 – 2000 ევრო/დოლარი.

გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების ლიმიტი კი უნდა იყოს არანაკლებ 30,000 ევროსი/აშშ დოლარისა, მანამდე დადგენილი იყო დღიური ლიმიტი, 150-1000-მდე; უმეტესად 400 ევრო/აშშ დოლარი.

ამასთან, გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება უნდა იყოს ჯამური ლიმიტის ტოლი, (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი: 150 და 400).

რაც შეეხება სადაზღვევო შემთხვევას, რომელიც დადგა და გრძელდება სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდეგ: 
თუ მომსახურების გამწევის მიერ, სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება ერთიანი ტარიფით, უნდა ექვემდებარებოდეს ანაზღაურებას სრულად, შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში.

თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება დღიურად, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს, სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 15 დღის ხარჯი.

მანამდე ძირითადად შემთხვევებში, ანაზღაურება სრულდებოდა მხოლოდ სადაზღვევო პერიოდთან ერთად.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, დადგენილი მოთხოვნების ამოქმედების შედეგად, სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტიდან გამომდინარე მომხმარებლის დაცულობა და მომხმარებლის ინფორმირებულობის ხარისხი გაიზრდება. ამასთან, ცვლილებები ხელს შეუწყობს სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ზრდას.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე ხშირად იყიდება ე.წ. 50,000 დოლარიანი/ევროიანი პოლისი. თუმცა ესაა პოლისის ჯამური თანხა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სამედიცინო საჭიროება ანაზღაურდება 50,000-ით.

დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე თამაშის საერთო წესების გსნსაზღვრა დადებითი მოვლენაა. მისი თქმით, მომხმარებლები, როგორც წესი, დაბალფასიან დაზღვევას ყიდულობდნენ, რომელიც ადეკვატურად არ ფარავს იმ ქვეყნების სამედიცინო სერვისების ღირებულებას, სადაც მოგზაურები მიდიან.

ხეჩინაშვილის შეფასებით, რეგულაციის მიზანია, ლიმიტებმა ზარალები კარგად დაფაროს, როგორც ამას ევროპა ითხოვს, რასაც თავისთავად მოჰყვება გაძვირება, თუმცა დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ გაძვირება არ იქნება ისეთი დიდი მასშტაბის, რომ ამან მოგზაურებს ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად გაუზარდოს.

„როცა უცხოეთში მიდიხარ, 20 ლარის გადახდა ბევრია იმ ხარჯებთან შედარებით, რასაც  მოგზაურობისას წევ? ბევრი იქნება აღშფოთება და გაუგებრობა, მაგრამ დღეში 1 ლარის მაგივრად რომ დაზღვევა მაგალითად 3 ლარი გახდება, ეს მოგზაურობის ხარჯებში არაა მნიშვნელოვანი გაძვირება, დაცულობას კი ნამდვილად უზრუნველყოფს,“- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.