საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე პირველი ციფრული ბროკერი „ფრანი“ წლის ბოლომდე პროდუქტების გაფართოებას და სამოგზაურო დაზღვევის შემდეგ ავტომფლობელთა მესამე პირისადმი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოტანას გეგმავს. უახლოესი წლის განმავლობაში კი ის საცალო ბაზარზე არსებულ ყველა სადაზღვევო პროდუქტს მოიცავს. ამ პროდუქტებს შორის იქნება ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევაც.
ამის შესახებ ბროკერის ერთერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჩაჩუამ jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, „ფრანს“ ასევე დაწყებული აქვს მუშაობა კორპორატიული შეთავაზებების კუთხით და ამ მიმართულების პროდუქტებს 2024 წელს დანერგავს.
რაც შეეხება ბაზარზე ახლადგამოჩენილი ციფრული ბროკერის არსებული პროდუქტით - სამოგზაურო დაზღვევით დაინტერესებას, ჩაჩუას თქმით, ამ სერვისით უკვე 300-მდე ადამიანმა ისარგებლა, რაც დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია.
მისივე განცხადებით, დღეს შრომის ბაზარზე ძალიან ბევრი ფრილანსერი ან თვითდასაქმებული ადამიანია, რომლებსაც არ აქვს ხელმისაწვდომობა კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტებზე. არის მცირე კომპანიები, რომლებსაც 10-მდე დასაქმებული ჰყავთ. სადაზღვევო კომპანია კი ასეთ მცირე რაოდენობაზე კორპორატიულ დაზღვევას არ სთავაზობს. სწორედ ამ სეგმენტზე იქნება გათვლილი „ფრანის“ შეთავაზება. ბროკერი მათ შესთავაზებს, ერთ სივრცეში ნახონ ინდივიდუალური დაზღვევის შეთავაზებები, მათ შორის – კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის პაკეტები. „ფრანით“ სარგებლობა შესაძლებელი იქნება ორი გზით: ან მომხმარებელს შეჰყავს საკუთარი მოთხოვნები და სისტემა ამ მოთხოვნის შესაბამის შეთავაზებებს უჩვენებს, ან დაზღვევის მსურველი თავად არჩევს, რომელი კომპანიის შეთავაზებები შეადაროს ერთმანეთს. მაგალითად, ინდივიდუალური დაზღვევის შემთხვევაში კომპანიებს აქვთ მოცდის პერიოდი – 6 ან 8 თვე. მომხმარებელი თავად განსაზღვრავს, როგორი პაკეტით სურს სარგებლობა, რა რისკების დაზღვევა უნდა, როგორი ლიმიტით, და ამის შემდეგ შეარჩევს მისთვის სასურველ პაკეტს.
“ვფიქრობ, დაზღვევის კულტურის ამაღლების კუთხით ჩვენი პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,“ – განაცხადა გიორგი ჩიჩუამ.
ცნობისთვის: „ფრანი“ სტარტაპ-კომპანიაა, რომელმაც ფუნქციონირება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150-ლარიანი გრანტითა და დამფუძნებლების ინვესტიციებით დაიწყო.
ამ ეტაპზე სისტემაში გააქტიურებულია სამოგზაურო დაზღვევა.
მისი თქმით, მომხმარებელს სერვისით სარგებლობისთვის არანაირი ხარჯი არ ექნება და საკომისიოს სადაზღვევო კომპანია გადაიხდის.