ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე კომპანიების წილების ცვლილებები ფიქსირდება. ცვლილებები მცირეა, თუმცა ტენდენცია თვალშისაცემია.
კერძოდ, ამ ბაზარზე მოქმედი, შედარებით მცირე წილის მფლობელი და შედარებით ახალი კომპანიები მომხმარებლების რაოდენობას ზრდიან, რასაც, როგორც თავად აცხადებენ, ხარისხზე აქცენტის გზით ახერხებენ.
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევაზე მოთხოვნა ბოლო წლებში მცირე ტემპებით იზრდება. ამ ეტაპზე კერძო დაზღვევია მოსახლეობის 19%-ს აქვს და მოქმედი პოლისების რაოდენობა 700 ათასზე მეტია. დაზღვევის პროდუქტების მოხმარების ზრდასთან ერთად და ამ სფეროში გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ, მომხმარებელთა ნაწილმა გააცნობიერა, რომ დაბალფასიანი დაზღვევა არასათანადო მომსახურების რისკებთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული, ამიტომ ისინი აქცენტს ხარისხიან მომსახურებაზე აკეთებენ. თუმცა ეს ფასს ზრდის.
2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ლიდერი კომპანიების წილი მოზიდული პრემიის მიხედვით ასეთია: ჯიპიაი 66,3 მილიონი (29%), იმედი ელი 42,6 მილიონი (18%), არდი 33,9 მილიონი (15%), თიბისი 15,1 მილიონი (6%), პსპ 14,2 მილიონი (6%).
2023 წლის იგივე პერიოდში კი წილები ასე გადანაწილდა: „ჯიპიაი“ 74,7 მილიონი ლარი (27%, -2%), იმედი ელი - 52,8 მილიონი ლარი (19%, +1%), არდი - 45,7 მილიონი ლარი (16%, +1%), თიბისი 23,9 მილიონი ლარი (8%, +2%), პსპ - 18,7 მილიონი (7%, +1%).
2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 18 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული.