„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს ნედლეულზე, საჩილიმე თამბაქოზე, საღეჭ და სასუნთქ თამბაქოზე გადასახადებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში შეტანილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, თამბაქოს ნედლეულზე, საჩილიმე თამბაქოზე, საღეჭ და სასუნთქ თამბაქოზე გადასახადები ორჯერ უნდა შემცირდეს.
„სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში უამრავი სიცრუე და აბსურდი ფიქსირდება, როგორც სადა შეფუთვის გადავადების კანონპროექტების შემთხვევაში. კერძოდ, გაცხადებულია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და ევროასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება 2011/64EU და 2014/40EUევროდირექტივებს, ევროასოცირების შეთანხმების 283-ე, 356-ე მუხლებსა და შესაბამისი დანართების მოთხოვნებს. ასევე, კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის“ მე-6 მუხლის მოთხოვნებსა და მისი აღსრულების გაიდლაინთან. კანონპროექტი ზეგავლენას ახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან გადასახადების შემცირება ხელმისაწვდომს გახდის ამ ლეტალურ პროდუქტს ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისათვის, როგორებიც არიან ბავშვები და მოზარდები. კანონპროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „თამბაქოს კონტროლის 2021-2025 წლების სტრატეგიასთან“.
რაც შეეხება ფისკალურ ნაწილს, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად დაკარგავს 24 965 047.2 ლარს. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ „აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება მოხდება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე“. სულ ცოტა, უპასუხისმგებლობოდ, ზერელედ და არარეალურადაა დათვლილი საბიუჯეტო დანაკარგი. ამასთან, არ არის წარმოდგენილი არანაირი ფინანსური გათვლა, როგორ მოხდება ამ დანაკარგის რეალურად კომპენსირება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლობად მიგვაჩნია: პრემიერ-მინისტრმა მოიწვიოს „საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის” სხდომა; პარლამენტმა შეწყვიტოს კორუფციული გარიგების ნიშნების შემცველი საკანონმდებლო წინადადების განხილვა; პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მოიწვიოს „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ სხდომა; მივმართავთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო უწყებებს, დაიწყონ მოკვლევა ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით; ფინანსთა სამინისტრომ განმარტოს მისი ჩართულობისა და ინტერესის შესახებ ზემოაღნიშნულ პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ალიანსის შეფასებით, კანონპროექტი "ლეგალური ნარკოტიკის გაიაფების მცდელობაა".