სადაზღვევო ბაზარზე რთული და შედარებით იშვიათი დაავადებების დაზღვევის ბაზარი იზრდება.

„თიბისი დაზღვევამ“  კრიტიკული დაავადებების პაკეტის არსებული ჩამონათვალი გააფართოვა და 7 კრიტიკული დაავადება, რომლებზეც დაზღვევა ვრცელდება, 21-მდე გაზარდა.


მოქმედებს დაზღვევის 50 000, 100 000 და 250 000 ლარიანი ლიმიტები. პოლისით განსაზღვრულ სადაზღვევო თანხას დაზღვეული სრულად იღებს და განკარგავს მისთვის სასურველი ნებისმიერი დანიშნულებით.

დაავადებებს შორის, რომლებზეც პოლისი ვრცელდება, არის ავთვისებიანი სიმსივნე
თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი, აორტო-კორონარული (გულის) შუნტირება, ინსულტი, სიბრმავე, აორტის ქირურგია, გულის სარქვლების ქირურგია, თირკმლის უკმარისობა, ძირითადი ორგანოს გადანერგვა, დამბლა,სმენის შეუქცევადი დაკარგვა და სხვა.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, საქართველოში კრიტიკული და ონკოლოგიური დაავადებების დაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინანდელი მაჩვენებლით, ამ პაკეტების რაოდენობა ქვეყანაში 3 ათასზე მეტი იყო, თუმცა, ხეჩინაშვილის ვარაუდობს, რომ მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ეს პროდუქტი პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც დაზღვევა ბევრ სერვისს სათანადოდ ვერ ფარავს. ასეთია საქართველოც. ამიტომ კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა ჩვენთანაც მზარდია. ამას განაპირობებს ის ამბები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხდება. შედით თურქეთის კლინიკებში, გადავსებულია იქაური პალატები ქართველი პაციენტებით. ჩემ ირგვლივ არის არაერთი ადამიანი, რომელსაც შეძენილი აქვს ონკოდაზღვევა და მათ შორის ორს დასჭირდა ეს დაზღვევა. საუბარია დაახლოებით 30 წლის ადამიანებზე, რომლებმაც უცხოეთში ჩაიტარეს მკურნალობა და რომლებიც ონკოდაზღვევამ გადაარჩინა. თანაც ეს არაა სამედიცინო დაზღვევა. თქვენ იღებთ ფულს და მას სურვილისამებრ გამოიყენებთ,“ - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.


ცნობისთვის: ონკოდაზღვევა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა არის ცალკე სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც ყოველთვიურ პრემიას განსაზღვრავს მოსარგებლის ასაკისა და მისთვის სასურველი ლიმიტის მიხედვით.