14 ნოემბერს, 16:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (ლ. გუდიაშვილის ქ. №7) დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის ორგანიზებით ეწყობა, რომლის მიზანია დიაბეტის მკურნალობასა და მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობა და დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება.
კონფერენციაზე განიხილება პრედიაბეტისა და დიაბეტის მართვის გამოწვევები სამსახურში და სასწავლო დაწესებულებებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებულ პათოლოგიურ ცვლილებებს, მათ შორის თვალის ყველაზე გავრცელებულ და ვერაგ გართულებას — დიაბეტურ რეტინოპათიას, რომელიც დიაბეტის მქონე პაციენტებში სიბრმავის მთავარი და ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
ამ დაავადების გართულებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია „აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულრომგვხედავდე“. კამპანიის ფარგლებში ენდოკრინოლოგები და ოფთალმოლოგები ერთობლივად მუშაობენ დიაბეტური რეტინოპათიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მხედველობაზე რეგულარული ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებაზე.
„შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად რთულ გამოწვევებს აწყდება. მათ სჭირდებათ დიდი ძალისხმევა საკუთარი მდგომარეობის მართვისთვის, რაც გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ ჯანმრთელობაზე. წლევანდელი კამპანიის თემებია „დიაბეტი და კეთილდღეობა“ და „დიაბეტი და სამსახური“. ამიტომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დიაბეტის დროს თვალის გართულებების მართვას ვასახელებთ და წლის პრიორიტეტად – დიაბეტურ რეტინოპათიას, რომელმაც შესაძლოა პაციენტი სიბრმავემდე მიიყვანოს. მხედველობის დაკარგვა კი სერიოზულ ზიანს აყენებს ცხოვრების ხარისხს, შრომისუნარიანობას და სულიერ მდგომარეობას. დადგა დრო, რეალობა უკეთესობისკენ შევცვალოთ — ამისთვის აუცილებელია ექიმების, საზოგადოების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევა“, — აღნიშნავს საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე, რამაზ ყურაშვილი.
ღონისძიებას დაესწრებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოჯახის ექიმები, ენდოკრინოლოგები, ოფთალმოლოგები და საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები. შეხვედრის ფარგლებში საზოგადოებას გააცნობენ საერთაშორისო რეკომენდაციებსა და საკუთარ გამოცდილებას ამ მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს მთელი მსოფლიო ზეიმობს დიაბეტის მსოფლიო დღეს. საქართველო ამ დღეს 1992 წლიდან აღნიშნავს. დიაბეტის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენებაა, რომ შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას და მისი გავრცელება სტაბილურ ზრდას განიცდის.
2024-2026 წლების დიაბეტის გლობალური კამპანიის თემებია „დიაბეტი და კეთილდღეობა“ და „დიაბეტი სამუშაო ადგილზე“. კამპანია გლობალურ პლატფორმას ქმნის დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, მედიისთვის, საზოგადოებისა და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა გაზარდონ დიაბეტის შესახებ ცნობიერება და გააუმჯობესონ დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრება.





