ცოფიანი ძაღლის მიერ მოზარდის დაკაწვრის ფაქტთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში ცოფის საკითხის გააქტიურება გამოიწვია. 


როგორც ცნობილია, მოზარდი უკვე იდენტიფიცირებულია და მას ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რომელიც ბოლომდე მივა და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება. 


ქვეყანაში ადამიანებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები ბოლო წლებია, არ დაფიქსირებულა. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ცხოველებში ცოფის გამოვლენის ფაქტებმა იმატა, თუმცა ადამიანების შემთხვევაში ეს პრობლემა პრაქტიკულად დაძლეულია, რადგან ცნობიერება ამ კუთხით გაუმჯობესებულია. 


„შესაძლოა, მაგალითად წითელას საწინააღმდეგო აცრაზე ადამიანმა უარი თქვას, რადგან იცოდეს უამრავი შემთხვევა, როცა  სხვებმა ნაკლები გართულებებით გადაიტანეს ეს ინფექცია და ამიტომ არ აიცრას. მაგრამ როდესაც ადამიანი დაკბენილია, ცოფის შემთხვევაში მისი სიკვდილი გარდაუვალია, ამიტომაც ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ანტივაქსერები არიან, როგორც წესი, ცოფის საფრთხის დროს ვაქცინაციაზე მოგვყვებიან,“- განაცხადა გოგინავამ. 


მისი თქმით ცოფი მძიმე ინფექციაა და თუ ის განვითარდა, ადამიანს მძიმე გართულებები და დაღუპვა ელოდება. ინფექციონისტის განცხადებით, მსოფლიოში მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღწერილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა, როცა ცოფით დაავადებული ადამიანი გადარჩა, თუმცა მას მძიმე გართულებები დარჩა. 


შესაბამისად, საფრთხის პირობებში ვაქცინაცია აუცილებელია და ის ადამიანს 100%-ით იცავს გარდაცვალებისგან. 
ამასთან, გოგინავა უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ აცრა „ანგრევს ორგანიზმს,“ ასუსტებს იმუნიტეტს და ტოვებს გრძელვადიან ნეგატიურ შედეგებს ორგანიზმისთვის. მისი თქმით, შესაძლოა, იშვიათ შემთხვევებში იყოს გვერდითი მოვლენები მაგალითად სისუსტის სახით, თუმცა ეს დროებითია და არანაირ გრძელვადიან საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის არ შეიცავს. 


ალექსანდრე გოგინავას თქმით, როდესაც ადამიანს ძაღლი უკბენს, აუცილებელია ექიმისადმი მიმართვა. ნაკბენის ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით გადაწყვეტს სპეციალისტი, საჭიროა თუ არა აცრა, ხოლო თუ ნაკბენი რთულია ან მაგალითად სახის არეშია, ვაქცინებთან ერთად იმუნოგლობულინით მკურნალობაც ინიშნება. 
 თუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ძაღლი არ მოკვდება, შესაძლებელია, ექიმმა შეწყვიტოს ვაქცინაცია, თუმცა თუ ძაღლის მიკვლევა შეუძლებელია, აცრების კურსი იმავე გრაფიკით უნდა ჩატარდეს, როგორც - პოტენციურად ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენის შემთხვევაში. 

jandacva.ge