ოქტომბერში, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, წინა თვესთან შედარებით ფასები 0.5 პუნქტით გაიზარდა, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით კი 3.2 პროცენტით შემცირდა. გასულ თვეში, ამ ჯგუფში ფასების წლიური კლება 4.7-პროცენტიანი იყო.
ოქტომბრის თვის მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, წლიურ ჭრილში, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 11,8%-ით გაიაფდა. ამ კუთხით გაიაფების ტენდენცია უკვე თვეებია გრძელდება, თუმცა
წინა თვეში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი, -14.1-პროცენტიანი იყო, აგვისტოში კი -17.6%.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება წლიურ ჭრილში 11,9%-ით გაძვირდა, ხოლო საავადმყოფოების მომსახურება 8,4%-ით.
წინა თვესთან შედარებით კი სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 0,7%-ით გაძვირდა, 0,5%-ით - ამბულატორიული მომსახურება. საგულისხმოა, რომ საავადმყოფოების სერვისი ერთ თვეში 0,5%-ით გაიაფდა.
აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოების სერვისის გაიაფება ბოლო ერთ წელიწადში თვიურ ჭრილში მხოლოდ ერთხელ, 2023 წლის ივლისში დაფიქსირდა და კლების მაჩვენებელი 0,2% იყო.
სამედიცინო მედიკამენტებსა და მედიკამენტებზე ფასების ცვლილების თემაზე მომზადებულ ბოლო მიმოხილვაში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ აღნიშნავს, რომ 2016-2021 წლებში სამედიცინო მასალებზე, მოწყობილობებსა და ტექნიკაზე ფასები იზრდებოდა, თუმცა 2022 წელს, პირველად 2012 წლის შემდეგ, ფასების მატება მკვეთრად შემცირდა, რაც ამ სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგია.