ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორი ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ linkedin-ზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭებას ულოცავს.
„გილოცავ, საქართველო. ამ მიღწევას უნდა ვუმადლოდეთ მდგრად ინვესტიციას, ჯანდაცვის მუშაკების თავდადებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას პრევენციისკენ, ადრეულ გამოვლენას და ეფექტურ გამკლავებას მალარიის ყველა შემთხვევასთან“ - წერს კლუგე.
აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა. მისივე განცხადებით, ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას, ასევე, გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. სილვიუ დომენტეს თქმით, ეს იყო უზარმაზარი ინვესტიცია და დიდი შრომა მალარიის გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით.
„სერტიფიცირება ნიშნავს იმის ძლიერ მტკიცებულებას, რომ ბოლო სამი თანმიმდევრული წლის განმავლობაში, ანოფელესის კოღოს მიერ მალარიის ადგილობრივი გადაცემა შეწყდა. ამდენად, საქართველო მალარიისგან თავისუფალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე უნდა გავჩერდეთ. საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, რომ ქვეყანამ ყოველთვის შეინარჩუნოს მზადყოფნა,“- განაცხადა დომენტემ.
ქვეყნის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.