იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში 10 000 ბავშვს წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა არ ჩატარებია.

მისი თქმით,  2023 წლის პირველ ოთხ თვეში, ქვეყანაში წითელას 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

,,ერთი ძალიან სერიოზული საფრთხე გვაქვს, ეს არის გამოტოვებული აცრები. 5 წლის ასაკის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომ სრულად იყოს დაცული. სამწუხაროდ, ქვეყანაში 10 000 ბავშვი გვყავს, რომლებსაც წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა არ ჩაუტარებიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სწრაფად არ მოვახდინეთ ამ ხარვეზის გამოსწორება, წითელას წლევანდელი 7 შემთხვევა შესაძლოა, ”წითელას აფეთქებად” დაგვიბრუნდეს. ასეთი პრეცედენტი საქართველოში უკვე გვქონდა. მშობლებს ვთხოვ, ძალიან ყურადღებით იყვნენ ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. პანდემიის პერიოდში, იზოლირებამ გარკვეული გავლენა იქონია ვაქცინაციაზე. მაგრამ, ახლა ეს რისკი მოხსნილია და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ თუ 5 წლის ასაკში ვაქცინა ვერ გავაკეთეთ, ახლა დაგვიანებულია. თუ ხუთი წლის ასაკში არ ჩაგიტარებიათ წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა, აუცილებლად მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტებს. ამ დაავადებებისგან არ გვაქვს ეფექტური სამკურნალო საშუალება. არ არსებობს პრეპარატი, რომელიც წითელას, წითურასა და ყბაყურას ინფიცირების შემთხვევაში იქნება ეფექტური. ერთადერთი დაცვა არის ვაქცინა,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, 2023 წელი გამოირჩევა 2 დაავადების გააქტიურებით. განსაკუთრებით გააქტიურებულია  ჩუტყვავილა და ქუნთრუშა.

,,2023 წელი გამოირჩევა ორი დაავადების განსაკუთრებული გააქტიურებით, ესენია – ჩუტყვავილა და ქუნთრუშა. ის, რაც ამ წლის განმავლობაში, აღნიშნული დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით ხდება, 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემებია. ზოგიერთ ინფექციურ დაავადებას ციკლურობა ახასიათებს და სწორედ ციკლურობის მაგალითია ჩუტყვავილას შემთხვევების მატება. ასევე, ძალიან ბევრია ქუნთრუშას შემთხვევები, წინა წლებთან შედარებით. სტატისტიკის მიხედვით, რამდენჯერმე არის გაზრდილი ამ დაავადებათა რაოდენობა. ნაკლებად ფიქსირდება წითელა. 2023 წლის პირველ ოთხ თვეში, ქვეყანაში სულ 7 შემთხვევა დაფიქსირდა,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.