პროფესიულ კოლეჯებში საექთნო საქმის სპეციალობაზე მიმართვა ძალიან მაღალია. ამის შესახებ კოლეჯ „პანაცეას“ დირექტორმა მაია ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროფესიულ განათლებაში საექთნო საქმე ყველაზე მოთხოვნადია. 

ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში,  45 კერძო კოლეჯიდან საექთნო საქმის მიმართულება 26-შია და აღნიშნულ პროგრამაზე დიდი კონკურსია.

როგორც „პანაცეას“ დირექტორმა აღნიშნა, გამოცდები ტესტირების ფორმით ტარდება და კვოტა თთქმის ყველა კოლეჯში შევსებულია. მისივე ინფორმაციით, პროფესიულ კოლეჯებში საექთნო მიმართულებებზე 3800-მდე სტუდენტი სწავლობს, რაც პატარა ციფრი არაა. სწავლა 3-წლიანია და, შესაბამისად, ყოველ წელს ამ პროგრამას 1300-1400 ადამიანი ასრულებს.
 
„ჩვენ 16 კლინიკასთან ვთანამშრომლობთ. სტუდენტმა მეორე სასწავლო წლიდან უკვე იცის, სად უნდა დასაქმდეს. პროგრამები და მოდულები ევროპაში არსებულის იდენტურია. სწავლის მეორე ნახევრის, წელიწადნახევრის განმავლობაში სტუდენტები მთლიანად კლინიკაში გადიან სწავლებას, სადაც ერთ ექთანზე 7 სტუდენტი მოდის. ადრე ასე არ იყო და ერთ ექიმზე სტუდენტების ჯგუფი იყო მიმაგრებული,“ - აღნიშნა „პანაცეას“ დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით მკვიდრდება ახალი ტერმინი - „დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა“ და „დამოუკიდებელი მეან-ექთანი“. 
ცვლილების მიზანია როგორც ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარება პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემისა და სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, ასევე - მათი საქმიანობის თანამედროვე, საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა.