ბოლო წლების განმავლობაში კლინიკებისა და კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ სამედიცინო დავების რაოდენობა იმატებს - ამის შესახებ იურისტები საუბრობენ.  ამასთან, მათი თქმით, ეს მიმართულება ქართული სასამართლო სისტემისთვის მაინც ახალია.

„განსაკუთრებით ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა პაციენტთან სარჩელები და პრეტენზიები კლინიკების მიმართ, რომელიც განპირობებულია არაჯეროვანი თუ არასათანადო სამედიცინო მომსახურეობიდან გამომდინარე. დავა ეხება როგორც მორალური ზიანის, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. თუ გარდაცვალება მოხდა, აქ გვაქვს პრეცედენტები, როცა სარჩოსაც ედავება პაციენტის ოჯახი სამედიცინო დაწესებულებას,“ - განაცხადა ადვოკატმა, სამედიცინო დავების ცენტრის დამფუძნებელმა ნინო ლიპარტიამ.

მისი თქმით, დავების ზრდის მიზეზი პაციენტების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის გაზრდაა. 
იგი, საექიმო გადაცდომებთან ერთად, ინფორმირებული თანხმობის პრინციპის დარღვევის შემთხვევებზეც საუბრობს. მისი განმარტებით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ივსება სამედიცინო ჩარევის დროს და წარმოადგენს პაციენტსა და კლინიკას შორის შეთანხმების დოკუმენტს, სადაც განმარტებულია როგორც ჩარევის შინაარსი, ისე მოსალოდნელი რისკები. თუ ეს დოკუმენტი არაჯეროვნად არის შესრულებული და პაციენტსაც სათანადო ინფორმაცია არ მიაწოდეს, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი იმის, რომ პაციენტმა, გარკვეული პრობლემების შემთხვევაში კლინიკის წინააღმდეგ იდავოს.

მიზეზი ისაა, რომ პაციენტები პოსტ-ფაქტუმ აცხადებენ, რომ ჩარევის პოტენციური საფრთხეები რომ გააზრებული ჰქონოდათ, მკურნალობას არ დათანხმდებოდნენ. ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჩარევამდე პაციენტის დეტალური ინფორმირება. თუ ეს დოკუმენტი არასათანადოდ არის შედგენილი, ეს ზიანის ანაზღაურების საფუძველია“,- განმარტავს ნინო ლიპარტია.
პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, როგორც ტერმინი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა.

ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. პაციენტის უფლებების შესახებ კანონის მიხედვით, მისი მიღება აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:
ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;
ბ) აბორტი;
გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;
დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;
ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;
ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;
ზ) გენეტიკური ტესტირება;
თ) გენური თერაპია;
ი) სხივური თერაპია;
კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;
ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
გამოხატული თანხმობა შეიძლება გაცხადებულ იქნას ვერბალურად ან წერილობით. ნებისმიერი ფორმის თანხმობისას აუცილებელია ჩანდეს, რომ პაციენტი დაეთანხმა კონკრეტულ ჩარევას. აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ იგი იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, ფლობდა შესაბამის ცოდნას და გაიაზრა შემოთავაზებული სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობის შესახებ.

პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ფორმა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ივსება ერთობლივად პაციენტისა და ექიმის მიერ, მას შემდეგ, რაც მკურნალი ექიმი მიაწოდებს პაციენტს ამომწურავ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ.
ექიმმა პაციენტს ასევე უნდა განუმარტოს:
ა) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგები;
ბ) პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკი;
გ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტები და ამ უკანასკნელთა თანმხლები რისკი და შესაძლო ეფექტიანობა;
დ) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგები;
ე) სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხები.
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია თანხმობის მიცემა, – ფორმას ავსებს და თანხმობის მიღება ხდება პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლისაგან. ამ უკანასკნელთა არარსებობის შემთხვევაში ექიმი აკეთებს ჩანაწერს პაციენტის სამედიცინო ბარათში, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ინფორმირებული თანხმობის მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა.
პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს შეთავაზებული მკურნალობა, უარი განაცხადოს მასზე ან უკან გამოითხოვოს მისი გაცხადებული თანხმობა.
ამ პროცესის დროს სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პატივი სცეს პაციენტის ღირსებას, არ მოახდინოს მისი თვითგამოხატვის უფლების ხელყოფა და ჩარევა განახორციელოს მხოლოდ მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.


აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პერიოდულად მიდის საუბრები ექიმების სავალდებულო პროფესიულ დაზღვევაზე, რაც, საექიმო გადაცდომის შემთხვევაში დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებ. თუმცა რა ფორმით და რა ვადებში განხორციელდება ეს რეფორმა, ამ დრომდე უცნობია.