ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის ახალი რეფორმა იწყება, რომლის დეტალებიც შესაბამის ნორმატიულ აქტებში უკვე გაწერილია.


თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და განმარტა, რომ რეფორმის მიზანია, თავიდან იქნას აცილებული დაავადებები, რაც მომავალში სახელმწიფოს ხარჯებს შეუმცირებს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ახალი მოდელის დანერგვა მოითხოვს ინვესტიციებს და ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო მომდევნო წლების განმავლობაში დაფინანსებას ამ კუთხით 120 მილიონი ლარით გაზრდის.

რაც შეეხება დეტალებს - 2025 წლის პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების  ფარგლებში, დაფინანსების განახლებული მოდელის – ასაკ-სპეციფიკური კაპიტაციისა და შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების პილოტირება იწყება.

აღნიშნულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს.


ცვლილების არსია მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, ანაზღაურების ფიქსირებული უნიფიცირებული მოდელი ჩანაცვლდეს ასაკ-სპეციფიკური ფიქსირებული ტარიფებით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად.


შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება გულისხმობს განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მექანიზმს.


მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე ინდიკატორს: 50 % მაინც უნდა იყოს ჰიპერტენზიით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მაჩვენებელი, რომელთაც განახორციელეს ვიზიტი პჯდ ექიმთან და სამედიცინო დოკუმენტში ასახულია არტერიული წნევა და შეფასებულია მკურნალობა. ასევე 50%-ია ჰიპერტენზიით დაავადებული 40 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამიზნე მაჩვენებელი, რომელთაც განუსაზღვრეს მიკროალბუმინურიის ტესტი თირკმლის დაზიანების შეფასების მიზნით. 


90% უნდა იყოს იმ ბავშვების წილი, რომელთაც წლის მანძილზე ჩაუტარდათ აცრა წითელა, წითურა, ყბაყურას წინააღმდეგ, ერთი დოზით.


დაფინანსების განახლებული მოდელის დანერგვის შემდეგ,  განსაზღვრული ინდიკატორების 30% პროცენტზე დაბალი შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაწესებულებას შეუწყდება გეგმური ამბულატორიული კომპონენტის  მიმწოდებლის სტატუსი.


დაფინანსების განახლებული მოდელის დანერგვისთვის სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები. მათ შორისაა გეგმური ამბულატორიული მომსახურების გაფართოებული პაკეტის მიწოდება, შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვა, პირველადი ჯანდაცვის ცენტრალური სამედიცინო ჩანაწერების სისტემაში (C-EMR) შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობა, ქრონიკული დაავადებების (ჰიპერტენზია, დიაბეტი) ელექტრონული რეესტრების წარმოება, წითელა-წითურა-ყბაყურას მეორე დოზით + ჰექსავალენტური ვაქცინის მესამე დოზით არანაკლებ 80% მოცვა, ექიმებისა და ექთნების განსაზღვრული რაოდენობა, პერსონალის სამუშაო საათების ხანგრძლივობა კვირაში 40 საათი და და სხვა.

2025 წლის 1 ნოემბრისთვის, დაწესებულებებმა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ განაცხადები ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარუდგინონ, რასაც მარეგულირებლის მხრიდან მათი შეფასება მოჰყვება.

2026 წლის პირველი მარტიდან, დადებითი შეფასების მქონე დაწესებულებები დაფინანსების განახლებულ მოდელში ჩაერთვებიან. 


ბრძანების თანახმადვე,  2026 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით.

პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდება და 2028 წლის პირველი იანვრიდან, მასში სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლებიც ჩაერთვებიან.

ასევე ცნობილი ხდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის შეფასების ინდიკატორები, მათ შორისაა ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის ალბათობა 30-70 წლის ასაკში, ტიპი 2 დიაბეტით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობა 100,000 მოსახლეზე, ქრონიკული  რესპირატორული დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობა 100,000 მოსახლეზე, ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 100,000 მოსახლეზე, პოპულაციის წილი, რომლებიც განიცდიან კატასტროფულ დანახარჯებს ჯანდაცვაზე, ამბულატორიულად მართვადი დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე, ასევე სკრინინგის მოცვა და სხვა არაერთი მაჩვენებელი.

პროექტში 6 პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება ჩაერთვება. ესენია  „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ს 2 დაწესებულება, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს 1 დაწესებულება, ,,ევექსის ჰოსპიტლები“-ს 1 დაწესებულება, ,,საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ 1 დაწესებულება, ,,სამედიცინო ჰოლდინგი 23“ 1 დაწესებულება. 


ეს ის კლინიკებია, რომლებიც  ჩართულები არიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტში.