პლასტიკის ერთჯერადი პროდუქციის გამოყენების შეზღუდვის საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნესსექტორთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ. 
ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხს შეეხებოდა.  განხილვა წარმოადგენდა.


მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით,  პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. 


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ისეთი რეგულაციის შემუშავება, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის (სამინისტროები, მათ სისტემაში შემავალი უწყებები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, თვითმმართველობის ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები) და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც  პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება.

კიდევ ერთი საკითხია პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების გზები და გარემოსთვის უვნებელი ალტერნატივების დანერგვის შესაძლებლობები.

პლასტიკის პარკების რეგულირების მიმართულებით, სახელმწიფომ 2018 წელს მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც 50 მიკრონამდე სისქის და 45X100 სმ ზომის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა. დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ან კომპოსტირებადი პარკები. გაძლიერდა ლაბორატორიული და მაკონტროლებელი უწყებების შესაძლებლობები, მოხდა საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება. თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით,  ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეები კვლავ დიდი რაოდენობით მოიხმარენ პარკებს, რაც გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება.

"პარკების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სამუშაო ფორმატში გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა პარკების გამოყენებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ვიმუშაოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო, გარემოსადმი მეგობრული ალტერნატივების დანერგვაზე“,-აღნიშნა თანდილაშვილმა.

სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 613,5 მილიონი ერთეული ეგპ (ერთჯერადი გამოყენების პლასტის) ჭიქა, თავსახური, საკვები კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, საწრუპი, თეფში და სასმელის მოსარევი მოიხმარება.


შეფუთული საკვებიდან და სასმლიდან, ორგანიზმში ხვდება მიკროპლასტიკი, რაც იწვევს შემდეგ ეფექტებს:
ილექება სისხლძარღვებში, რაც ინსულტისა და ინფარქტის რისკს 450%-ით ზრდის;
ილექება ქსოვილებში და იწვევს ქსოვილების ქრონიკულ ანთებასა და ზრდის სიმსივნური გადაგვარების რისკებს;
გადადის პლაცენტაში, ხვდება ნაყოფის სხეულში და აფერხებს განვითარებას; 
იშლება ნანოპლასტიკად და იძენს უჯრედში შეღწევისა და ტვინის ბარიერის გადალახვის უნარს.

ამ მიმართულებით რეგულაციების ამოქმედება ეტაპობრივად, 2026 წლიდან იგეგმება.