ძალიან ბევრი მიმართულებით გვექნება ახალი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები, რომლებიც სტუდენტებისა და ექიმებისთვის იქნება განკუთვნილი. 

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რადიოგადაცემაში „ჯანმრთელობის ლაბორატორია“ სტუმრობისას განაცხადა. ირაკლი ნატროშვილმა რექტორის უფლებამოსილების განხორციელება მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან დაიწყო.


მისი თქმით, რექტორად არჩევის შემდეგ აქტიურად ხვდებოდა როგორც სტუდენტებს, ისე სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რათა უშუალოდ მათგან გაერო სასწავლებლის საჭიროებები. 


როგორც ირაკლი ნატროშვილმა აღნიშნა, გაცნობითი პროცესი უკვე სრულდება და გამოიკვეთა აქტუალური საკითხები, რომლებზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო. 

მისი ინფორმაციით, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ორი მთავარი საკითხი გამოიკვეთა - ესაა ცხრილებისა და სახელმძღვანელოების თემები. 

ნატროშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სახელმძღვანელოების საკითხზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე ნაშრომების გამოცემას შესაბამისი ფინანსები სჭირდება.

„მედიცინა ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება. კოვიდ პანდემია რომ გავიხსენოთ, მან ძალიან ბევრ ცვლილება შეიტანა არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კუთხით, არამედ მკურნალობის მეთოდების, ხანგრძლივობის, თერაპიებს და რეანიმაციის კუთხითაც. სახელმძღვანელო უკვე დაძველებულია და გვესაჭიროება ახალი ნაშრომები. 
ჩვენი ქვეყანა ვერ სდევს ამ ტემპს, რთულია ყოველი სიახლე მაშინვე აისახოს სახელმძღვანელოებში. მათ დაწერას სჭირდება ადამიანური და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რათა ეს სახელმძღვანელოები დაიბეჭდოს, გამოიცეს და გავრცელდეს. ვცდილობთ, რომ სახელმძღვანელოებთან ერთად სტუდენტებს მივაწოდოთ ის უახლესი ინფორმაცია დაავადებების შესახებ, რომელიც გადაგვყავს ელექტრონულ რესურსებში. თუმცა გარკვეული სახელმძღვანელოების შექმნა აუცილებელია. უკვე დაიგეგმა რამდენიმე კარგი, თანამედროვე სახელმძღვანელოს შექმნა,“ - განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.