ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და STOP-მა, თამბაქოს ინდუსტრიის გლობალურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, გამოაქვეყნეს ანგარიში “მომავალი თაობის დაჭერა” რომელიც, ავტორების თქმით, ფარდას ხდის, თუ როგორ ქმნის თამბაქოს და ნიკოტინის ინდუსტრია პროდუქტებს და მარკეტინგულ კამპანიებს და ცდილობს შექმნას ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო ამ პროდუქტებზე ახალგაზრდების მიჯაჭვულობის გაზრდისთვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  
31 მაისს, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღეს“, ჯანმო აცხადებს თავისი მხარდაჭერის შესახებ  ახალგაზრდებისადმი, რომლებიც მოუწოდებენ მთავრობებს დაიცვან ისინი თამბაქოს და ნიკოტინის ინდუსტრიისგან.
 
ანგარიში აჩვენებს, რომ მსოფლიოში 13-15 წლის ასაკის დაახლოებით 37 მილიონი ბავშვი მოიხმარს თამბაქოს და ბევრ ქვეყანაში ელ-სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი მოზარდებში აღემატება იმავე მაჩვენებელს ზრდასრულებში. ჯანმოს ევროპის რეგიონში, გამოკითხული 15 წლის ახალგაზრდების 20%-მა აღნიშნა, რომ იყენებდა ელექტრო სიგარეტს ბოლო 30 დღის განმავლობაში.
 
თამბაქოს მოხმარების შემცირებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ელექტრო სიგარეტების და თამბაქოსა და ნიკოტინის სხვა ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოჩენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახალგაზრდების ჯანმრთელობას და თამბაქოს კონტროლს. კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებას თითქმის სამჯერ ზრდის, განსაკუთრებით - არამწეველ ახალგაზრდებში.
 
”ისტორია მეორდება, რადგან თამბაქოს ინდუსტრია ხელახლა ცდილობს მიყიდოს ნიკოტინი ჩვენს შვილებს სხვადასხვა შეფუთვაში,” - ამბობს ტედროს ადანომ გებრეიესუსი, ჯანმოს გენერალური დირექტორი. „ეს ინდუსტრიები აქტიურად იღებენ მიზანში სკოლებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს ახალი პროდუქტების მეშვეობით, რომლებიც ძირითადად ტკბილეულის გემოს მქონე სატყუარებია. როგორ შეიძლება ისინი ზიანის შემცირებაზე საუბრობდნენ, როდესაც ყიდიან ამ სახიფათო, ძლიერი დამოკიდებულების გამომწვევ პროდუქტებს ბავშვებზე?“
 
თამბაქოს ინდუსტრია განაგრძობს თავისი პროდუქციის გაყიდვას ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ისეთი არომატებით, როგორიცაა ტკბილეული და ხილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრო სიგარეტის ახალგაზრდა მომხმარებელთა 70%-ზე მეტი მას თავს დაანებებს, თუ პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თამბაქოს არომატით.


”თამბაქოს ინდუსტრია განზრახ ქმნის პროდუქტებს და იყენებს მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც უშუალოდ ბავშვებს იღებენ მიზანში,” - ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის განყოფილების დირექტორი. „ბავშვებისთვის მიმზიდველი არომატების გამოყენება, როგორიცაა ბამბის ნაყინი და საღეჭი რეზინი გლუვ და ფერად დიზაინთან ერთად, რომლებიც სათამაშოებს წააგავს, არის აშკარა მცდელობა ახალგაზრდების ამ მავნე პროდუქტებზე მიჯაჭვისა“.


ეს მატყუარა ტაქტიკა ხაზს უსვამს მკაცრი რეგულაციების გადაუდებელ აუცილებლობას, რათა დავიცვათ ახალგაზრდები მავნე მიჯაჭვულობისგან, რომელიც შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგრძელდეს.
ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს დაიცვან ახალგაზრდები თამბაქოს, ელექტრო სიგარეტის და ნიკოტინის სხვა პროდუქტების მოხმარების დაწყებისაგან, ამ პროდუქტების აკრძალვით ან მათი მკაცრად რეგულირებით. ჯანმოს რეკომენდაციები მოიცავს 100%-ით უკვამლო დახურული საჯარო ადგილების შექმნას, არომატიზებული ელექტრო სიგარეტებისა და მათი მარკეტინგის, რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვას, გადასახადების ზრდას, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ინდუსტრიის მიერ გამოყენებული შეცდომაში შემყვანი ტაქტიკების შესახებ და ახალგაზრდების ლიდერობით განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინიციატივების მხარდაჭერას.
„მიჯაჭვული ახალგაზრდობა თამბაქოს ინდუსტრიისთვის წარმოადგენს მოგების წყაროს მთელი სიცოცხლის განმავლობაში - ამბობს ხორხე ალდეი, STOP-ის დირექტორი Vital Strategies-ში. „ამიტომ ინდუსტრია აგრესიულად ლობირებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ახალგაზრდების მიჯაჭვულობას გახდის შესაძლებეს მიმზიდველს და ადვილს. თუ პოლიტიკის შემქმნელები არ იმოქმედებენ, ამჟამინდელი და მომავალი თაობები შეიძლება აღმოჩნდნენ ზიანის ახალი ტალღის წინაშე, რომელიც ხასიათდება თამბაქოსა და ნიკოტინის ბევრ პროდუქტზე მიჯაჭვულობით და მოხმარებით, მათ შორის სიგარეტზეც“.
ახალგაზრდა აქტივისტები მთელს მსოფლიოში დგანან თამბაქოს და ნიკოტინის ინდუსტრიის დესტრუქციული გავლენისა და მანიპულაციური მარკეტინგის წინააღმდეგ. ისინი ამხელენ ამ მატყუარა პრაქტიკას და მხარს უჭერენ თამბაქოსგან თავისუფალ მომავალს. ახალგაზრდული ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობდნენ ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (COP10) მხარეთა კონფერენციის ბოლო სესიაში, რათა გაეჟღერებინათ ძლიერი გზავნილი პოლიტიკის შემქმნელებისათვის: „მომავალი თაობები დაგიმახსოვრებენ თქვენ, როგორც ადამიანებს, ვინც იცავდა თამბაქოს ინდუსტრიას, ან როგორც მათ, ვინც ინდუსტრია შეასუსტა და საფრთხე შეუქმნა.“  
ტედროს ადანომ გებრეისუსმა 2024 წლის „მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღის“ ფარგლებში შემდეგი ახალგაზრდული ორგანიზაციები დააჯილდოვა.
• ტაილანდის ახალგაზრდული ინსტიტუტი, ტაილანდის სამეფო
• თამბაქოს აბსტინენციის კლუბი, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა
• კამპანია „ბავშვები თამბაქოს გარეშე,“ არგენტინა
ეს შთამაგონებელი ახალგაზრდა ლიდერები იცავენ თავიანთ თაობას ინდუსტრიისგან, რომელიც მათ უყურებს როგორც მოგების წყაროს და არა როგორც ადამიანებს.
ერთობლივი მუშაობით, მთავრობებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან მსოფლიო, სადაც მომავალი თაობა თავისუფალი იქნება თამბაქოსა და ნიკოტინზე მიჯაჭვულობის საფრთხისგან.