კორპორაცია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ახალი ვაქცინების შექმნაში, აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები განსხვავებული ფორმით გამოვა. 

გეითსის განცხადებით, საზოგადოებაში ვაქცინაცია უფრო პოპულარული რომ გახდეს, ნემსის მაგივრად პლასტირი უნდა გამოიყენებოდეს. 

ეს მოსაზრებები ბიზნესმენმა ინდოეთში ყოფნისას, ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა. მის სიტყვებს Newsweek90 ციტირებს. 

„ჩვენ ისინი უფრო მყარი და ფართო მოცვის უნდა გავხადოთ.  ვმუშაობთ, რომ ნემსის მაგივრად მცირე ზომის პლასტირი გამოვიყენოთ,“ - აღნიშნა გეითსმა.

მისივე თქმით, მუდმივი კონკურენციისა და ახალი ვაქცინების შექმნის პირობებში აუცილებლად გაჩნდება ტუბერკულოზის, მალარიისა და აივ ინფექციის ვაქცინები. 

მილიარდერი ასევე დარწმუნებულია, რომ ვაქცინები უფრო ხელმისაწვდომი გახდება. გეითსი ამბობს, რომ ამ პრეპარატებზე ფასები უნდა შემცირდეს.

მანამდე, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მეუღლესთან, მელინდასთან ერთად, აპირებს 8 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადოს ჯანდაცვის ახალ ტექნოლოგიებში. 


2023 წელს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გეითსების ოჯახმა ფარმაცევტული კომპანიის Micron Biomedical-ის ანგარიშზე 23,6 მილიონი დოლარი გადარიცხა, რათა ამით ვაქცინების პლასტირების შექმნას შეუწყოს ხელი, რამაც ნემსის გასაკეთებელი აცრები უნდა ჩაანაცვლოს.