გლობალური დათბობა მსოფლიოს ქვეყნებს არაერთ პრობლემას უქმნის, მათ შორის - მოსახლეობის ჯანმრთელობის კუთხით. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ უკვე დაიწყო მზადება სამედიცინო კატასტროფებისთვის, რომელიც კლიმატური კრიზისის ფონზე ნებისმიერ სახელმწიფოს ემუქრება. გლობალური დათბობის გამო ჯანმო ჯანმრთელობის დაცვის მხრივ სერიოზულ პრობლემებს პროგნოზირებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყნების 90%-მა ჯანმრთელობისთვის საშიშ ფაქტორებს შორის გლობალური დათბობა უკვე შეიყვანა. ჯერ კიდევ 2020-ში ეს ქვეყნების მხოლოდ 70%-ს ჰქონდა გაკეთებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს მიმართულების ხელმძღვანელის მარია ნეირას თქმით, კლიმატის ცვლლება საფრთხეს უქმნის საბაზისო პარამეტრებს, მათ შორის საკვებზე, წყალზე, საკვებსა და სუფთა ჰაერზე ხელმისაწვდომობას. ექსპერტის აზრით, ქვეყნების მთავრობებს შესაძლოა გაუჭირდეთ მზარდ რისკებზე ადეკვატური რეაგირება.
ამიტომ ნეირას მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილებას სრულიად განსხვავებულად უნდა მივუდგეთ.
ჯანმოს მონაცემებით, ეკოლოგიური ფაქტორების გავლენით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 1,4 მილიონი ადამიანი იღუპება.
ჯანმო მიუთითებს, რომ პრობლემები შესაძლოა შეიქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის, სხვადასხვა ბაქტერიის გააქტიურების და სხვა მიმართულებებით.
კერძოდ, მაღალი ტემპერატურის პირობებში ადამიანებში იზრდება ემოციური აშლილობა, შფოთვა, დეპრესია, სევდა დ სუიციდური აზრები. ასევე აქტიურდება სხვადასხვა სახის სოკოები და ბაქტერიები, ინფექციების გადამტანი მწერები.
კლიმატის ცვლილება ამინდის ცვალებადობას იწვევს. ექსტრემალური სიცხე ქალაქებში და გვალვა რეგიონებში, სადაც მანამდე ასეთი პრობლემა არ არსებობდა, ქარიშხლების გახშირება - ესაა გლობალური კლიმატის ცვლილებების მხოლოდ რამდენიმე გამოხატულება.
გაეროს მონაცემებით, 1979 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში სტიქიური მოვლენების რაოდენობა მსოფლიოში 50%-ით გაიზარდა.
სწორედ ამიტომ, ამინდის ზუსტ პროგნოზზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ამ პროცესში კი აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი.