მასშტაბური კვლევის თანახმად, გლობალური დათბობა უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ამასთან, აღრმავებს უთანასწორობას ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე ხელს უწყობს ევროპაში სხვადასხვა დაავადების გავრცელებას პარაზიტების საშუალებით.

კლიმატისა და ჯანდაცვის მკვლევარმა რეიჩელ ლოუმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული 42 მაჩვენებელი, მათ შორის გარდაცვალების სტატისტიკა, ინფექციური დაავადებების გავრცელების დონე და ტენდენციები. 


„ჩვენ გვჭირდება გადამჭრელი ზომები, რომლებიც უნდა მიიღონ ევროპულმა ქვეყნებმა, რათა ევროპისა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას დავეხმაროთ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენასთან ბრძოლაში,“ - აღნიშნა ლოუმ, რომელიც ესპანეთის მსხვილ კვლევით ცენტრებში მუშაობს.

მოხსენებაში, რომელიც ჟურნალ Lancet Public Health-ში გამოქვეყნდა, საგანგაშოდაა შეფასებული გარდაცვალებისა და დაავადებების მაჩვენებლის ზრდა, რაც ჰაერის ტემპერატურის მატებას, ასევე ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებას უკავშირდება.

კვლევისა და მონაცემების შედარების შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2003-2012 წლების პერიოდთან შედარებით 2013-2022-ში სიცხესთან დაკავშირებული გარდაცვალებები 100 000 ადამიანზე 17 შემთხვევით გაიზარდა წელიწადში. 


ამასთან, ზრდა ქალებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე - მამაკაცებში.

მეცნიერების განმარტებით, გენდერული განსხვავებები შესაძლოა აიხსნას იმით, რომ ქალებსა და მამაკაცებს სითბოს დაკარგვისა და ოფლის გამოყოფის ინტენსივობის განსხვავებული ტემპები აქვთ. ამასთან, ქალები უფრო მეტად არიან სითბური სტრესის საფრთხის ქვეშ ოვულაციის შემდეგ, როცა მათი სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, იმატებს.

კიდევ ერთი ფაქტორი შესაძლოა იყოს ის, რომ ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ხანდაზმული ადამიანები კი სიცხესთან დაკავშირებულ სტრესს უფრო რთულად იტანენ.