ათათურქის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ადამიანის ხელის ფორმის მოწყობილობა, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობენ, უქმნის შეგრძნებას, რომ ახლობლის ხელი უჭირავთ.


კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოგონებაზე სახელწოდებით „თერაპიული შეხება“ ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მოწყობილობის მიზანია, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფ პაციენტებს მკურნალობის პროცესში დაეხმაროს. 

მოწყობილობას, მისი დატესტვის შედეგად, ინტენსიურ თერაპიებში მომუშავე ექთნების მხრიდან დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.

ადამიანის ხელის შეხების განცდის გარდა, მოწყობილობა შექმნილია იმ მიზნით, რომ დადებითი გავლენა მოახდინოს რეანიმაციაში მყოფ პაციენტებზე, რომლებიც ნათესავებს არიან მოწყვეტილები. 
ადამიანის კანთან მიახლოებული მასალით დამზადებულ „ხელს“ მწოლიარე პაციენტის ხელზე დებენ, მოწყობილობა პერიოდულად ხელის მოჭერის რეფლექსებსაც ასრულებს. 

სიახლის ავტორების თქმით, „ახლობლის ხელის“ შექმნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა, როცა ნათესავები ვერ ახერხებდნენ პაციენტების მონახულებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. ასეთ დროს პაციენტი თავს მიტოვებულად გრძნობს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია.


მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მოწყობილობა დადებით როლს შეასრულებს ადამიანის სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. ახლა მიმდინარეობს ისეთი ფაქტორების შესწავლა, როგორიცაა ახლობლების საუბარი და ბუნების ხმები.