2023 წლის დეკემბერში საავადმყოფოს მომსახურების ფასები 5.6%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ჯგუფში  2021 წლის შემდგომ შედარებით სწრაფი ზრდა შეინიშნება. 

ამასთან, 2021 წლის შემდეგ სამედიცინო პროდუქციის ფასების კლების ტენდენცია ფიქსირდება, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე სახელმწიფოს მიერ გატარებული რეგულაციების შედეგია.

ამ საკითხების შესახებ საუბარია საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ კვლევაში სახელწოდებით „ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის ინფლაციის დონის მაჩვენებლები - აქცენტი ფარმაცევტულ პროდუქტებზე“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ დეკემბრის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის ფასები 3.8%-ით შემცირდა
ძირითადად სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვე-ჯგუფის ხარჯზე, რომელთა ფასები 2023 წლის დეკემბერში 8.9%-ით შემცირდა.

„სამედიცინო პროდუქციის ფასების ზრდის გრძელვადიანი ტენდენციის შემდეგ, 2021 წლის შემდეგ ფასების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, რაც პოტენციურად, თურქეთიდან პარალელურ იმპორტს უკავშირდება.  2023 წლის დეკემბერში ფასები 2017 წლის ნიშნულის ქვემოთ ჩამოვიდა,“ - წერია დოკუმენტში. კვლევის მიხედვით, თურქეთიდან პარალელური იმპორტის და რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვების შემდეგ ყველა მედიკამენტის ფასი შემცირდა. ნაწილობრივ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დოლართან მიმართებით ლარის კურსის 12%-იანი გამყარებითაც.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის პირველი ეტაპი 15 თებერვალს ამოქმედდა. იგი მედიკამენტების შერჩეული კატეგორიისთვის დაინერგა, მათ შორის ანტიბიოტიკებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებისთვის. სისტემის ფარგლებში მედიკამენტების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაიზარდა 2023 წლის მარტიდან დეკემბრამდე. მკვლევარების შეფასებით, რეფორმამ პოტენციურად ხელი შეუწყო ფასების საერთო შემცირებას 2023 წელს. თუმცა კლება უფრო საწყის თვეებში შეინიშნებოდა, რის შემდგომაც, როგორც ჩანს კლების ტემპი დასტაბილურდა.

კვლევის თანახმად, რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის მიღმა დარჩენილი მედიკამენტების ჯგუფების ფასები პირველ ეტაპზე გაიზარდა. ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტების ჯგუფისთვის რეფერენტული ფასები მხოლოდ 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა; წლის განმავლობაში წამლების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც რეფერენტული ფასები დაინერგა, ეტაპობრივად გაიზარდა, რამაც პოტენციურად ფასების ზრდის შეჩერება გამოიწვია.