სახელმწიფო აგრძელებს მოლაპარაკებებს უცხოურ ფარმაცევტულ მწარმოებლებთან ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების პირდაპირი გზით შესყიდვის მიზნით. ამ კომპანიებს შორისაა შვედურ-ბრიტანული „ასტრაზენეკა“ და სხვა არაერთი მწარმოებელი. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მედიკამენტები, რომლებიც დღეს პროგრამულად ფინანსდება, 90-მდე მოლეკულაა. ამ 90 მოლეკულიდან არის ინოვაციური მედიკამენტები, რისი შესყიდვაც სახელმწიფომ გადაწყვიტა ცენტრალიზებული მექანიზმით, რადგან აქ იყო უკეთესი პირობები და უფრო მეტი მედიკამენტის მიღების შესაძლებლობა იგივე ხარჯით. ჯერჯერობით ეს მოლაპარაკება შედგა „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ და ეს მედიკამენტებია 21-მდე მოლეკულა, რომლებსაც სახელმწიფო ცენტრალიზებულად ყიდულობს. ეს პროცესი სხვა დანარჩენ ინოვაციურ მედიკამენტებთან მიმართულებითაც გაგრძელდება. ეს არ არის მხოლოდ „ასტრაზენეკა“, ბევრი სხვა კომპანიაა, რომელიც გვთავაზობს ინოვაციურ მედიკამენტებს და ჩვენი მიზანიც ისაა, რომ გეგმაზომიერად ინოვაციური მედიკამენტები ჩვენს ქვეყანაში დაინერგოს, რომ ჩვენ პაციენტებს ჰქონდეთ წვდომა იმ მკურნალობაზე, რაც შედეგიანია,“- განაცხადა გაბუნიამ.  
 
შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა გასულ წელს, მინისტრ ზურაბ აზარაშვილის პერიოდში დაიწყო. ბოლო კონტრაქტი ამ მიმართულებით 2023 წლის სექტემბერში, მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გაფორმდა.  შედეგად, 2024 წელს, პაციენტები, 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“.

შვეიცარიულ „როშესთან“ კი სამინისტრომ ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა და ის 13 მედიკამენტს შეეხო.