წლიდან წლამდე, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, ფარმაციის ფაკულტეტებზე სტუდენტთა ნაკადები იკლებს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ „გეფას“ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული მართვის დირექტორმა დიანა ბურდულმა განაცხადა.
„უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში აღმოჩნდა, რომ თუ პირველ წელს ფარმაციის ფაკულტეტზე 250 სტუდენტი აბარებს, ფაკულტეტს 35-40 ადამიანი ასრულებს. ეს ნიშნავს, რომ ამ პროფესიის დაუფლება რთულია და შიდა მიგრაციით ურჩევნიათ სხვა პროფესიაში გადასვლა,“ - აღნიშნა ბურდულმა. მისი თქმით, ეს სამსახური იმდენად რთული და სტრესულია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი სხვა სფეროებში ინაცვლებს, კიდევ უფრო რთულია უკვე აყვანილი კადრების შენარჩუნება. ამიტომაც აუცილებელია დარგის მოთამაშეების კონსოლიდაცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ბურდულის აზრით, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, „გეფა“ გეგმავს, ამ მიმართულებით ინვესტიციები ჩადოს, რათა სფერო განვითარდეს.
„მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული კადრების შენარჩუნებაზე. საჭიროა, სექტორი გავერთიანდეთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებთან, თუმცა სხვა კუთხითაც მინდა თანამშრომლობის გაძლიერება. სტუდენტებს უნდა ვუთხრათ არა მხოლოდ ის, რომ ჩვენი კომპანია კარგია და მოვიდნენ ჩვენთან სამუშაოდ, არამედ ისიც განვუმარტოთ, თუ რას ნიშნავს ფარმაცევტის პროფესია,“ - აღნიშნა დიანა ბურდულმა.
მისი თქმით, „გეფას“ ფარმაცევტებისთვის აქვს ძლიერი ტრენინგ-ცენტრი, რომელიც შესაძლოა „გარედან“ მოსულ კადრებსაც მიეცეთ გადამზადების საშუალება.