აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 პროცენტი). ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ივლისში აღნიშნულ ჯგუფში 6.9 პროცენტიანი კლება იყო, ამასთან, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფში -17.3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, აგვისტოში სამედიცინო პროდუქცია კიდევ უფრო გაიაფდა.

ზოგადად კი, 2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9 პროცენტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად, რაც თურქეთის ბაზრის გახსნას და რეფერენტული ფასების დაწესებაში გამოიხატება, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა.