ახლო მომავალში ონკოლოგიური პაციენტებისთვის სიახლე დაინერგება - მათ მედიკამენტების თავად შეძენა აღარ მოუწევთ და საჭირო პრეპარატები იმ სამედიცინო დაწესებულებაში დახვდებათ, სადაც მკურნალობის კურსს გადიან.
ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რეალური სივრცე“ საუბ"რისას
ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ განაცხადა.
„მსოფლიოში ესაა საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც იმდაგვარადაა აწყობილი, რომ პაციენტს თავად არ უწევს მედიკამენტის ძიება სხვადასხვა აფთიაქში. მკურნალობის პროცესი დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის პროცესში ჩართვის შემდეგ, მედიკამენტის მიღების ჩათვლით ერთსა და იმავე დაწესებულებაში სრულდება. ჩვენს შემთხვევაში ეს დღესდღეობით ასე არ არის. პაციენტს უდგინდება დიაგნოზი, განესაზღვრება კონკრეტული ჩამონათვალი და ამ მედიკამენტებს გამოწერილი რეცეპტის მიხედვით პაციენტი იღებს სააფთიაქო ქსელში. ამას სამინისტრო, რა თქმა უნდა, აფინანსებს, თუმცა პაციენტს უწევს თავად მისვლა აფთიაქში და წამლის გამოტანა, რათა მედიკამენტი სამედიცინო დაწესებულებაში წაიღოს.
აქ სხვადასხვა ტიპის პრობლემას ვაწყდებით - ერთი, პაციენტს თავად უწევს მედიკამენტის ყიდვა - მაგალითად, თუ თბილისში არაა, ჩამოვიდეს და რაც შეიძლება მალე მიიტანოს დადგენილ ვადაში სამედიცინო დაწესებულებაში, და მეორე - ტრანსპორტირების პროცესში, თუნდაც იმავე საათში ნაშოვნ მედიკამენტს სჭირდება გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რომელიც როგორც წესი, ირღვევა ხოლმე. აფთიაქები, როგორც წესი, ცდილობენ, ყინულებში გაატანონ პრეპარატი პაციენტს, თუ ეს სამაცივრე მედიკამენტია. მაგრამ ზოგჯერ არაა ინსტრუქცია სათანადოდ მიწოდებული ან ადამიანური შეცდომები ყველას მოგვდის, თუ ინექცია იმ დღეს არ კეთდება, ეს მედიკამენტი ინახება სახლში და ზოგჯერ გაუვარგისებულია პროცედურისთვის. ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვეულებრივ და საშუალო ფასიან მედიკამენტებზე, არამედ ძალიან ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის. ამიტომ პაციენტს გამოწერილი მედიკამენტები დახვდება ადგილზე, სადაც მკურნალობს. საწყის ეტაპზე აფთიაქი მიიტანს სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, აღარ მოხდება ისე, რომ რეგიონში მდებარე აფთიაქს უფრო მეტი რაოდენობით აქვს დასაწყობებული და მასზე დეფიციტია შექმნილი თბილისში, სადაც მოთხოვნა შესაძლოა უფრო მეტი იყოს. სააფთიაქო ქსელი იმდაგვარად გადაანაწილებს, რომ მოთხოვნის შესაბამისად მიიტანს შესაბამის ადგილზე,“ - განაცხადა სულაბერიძემ.