შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ რეფერენტული ფასის დათვლის მექანიზმი და რეფერენტული ქვეყნები შეცვალოს, გააფართოვოს ფასების არეალი, თუმცა თავად რეფერენტული ფასების პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.


ასეთ პროგნოზს აკეთებს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე jandacva.ge-სთან საუბარში. მას შემდეგ, რაც მედიკამენტების ინგრედიენტებთან დაკავშირებული რეგულაციები გადაიდო, გაჩნდა შეკითხვა, ხომ არ უნდა ველოდოთ ფარმაცევტულ ბაზარზე დაწყებული რეგულაციების შერბილებას ან მეტიც - გადახედვას.

შეგახსენებთ: ფარმაცევტული სექტორის ხედვაა, რომ რეფერენტული ფასები მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ და საბაზისო მედიკამენტებზე გავრცელდეს, რათა დეფიციტი არ შეიქმნას. ისინი ასევე ითხოვენ, ფასებზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ მათ უფრო ადრე ეცნობოს, ვიდრე კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადაა. ამასთან, ფარმაცევტული კომპანიები არაერთ მედიკამენტზე დაწესებული მაქსიმალური ზღვრის აწევას ითხოვენ.

ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ შესაძლოა, სექტორთან კომუნიკაციის შედეგად სამინისტრომ ფასების დათვლის მექანიზმს გადახედოს, შეცვალოს რეფერენტული ქვეყნის ჩამონათვალი, თუმცა თავად რეფერენტული ფასწარმოქმნის პრინციპზე უარის თქმა მოსალოდნელი არ არის.