საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.

თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.
უწყების ცნობით, მოკვლევის დაწყების საფუძველია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა.  


„საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში, სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა. შედეგად, 8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი)  14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება: 
1. იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები -  ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
2. იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა,  მედიკამენტი  - ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
3. იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები - ადაზალ ნეო  (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
4. იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი - არიპრადა;
5. იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“,  მედიკამენტი - ზინასენი N60;
6. იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი - ლორნიკუსი ამპულა N1;
7. იმპორტიორი შპს „გეა“,  მედიკამენტები - ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;
8. იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი - ტრეპარინი.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას,“ - წერია ინფორმაციაში. 


შეგახსენებთ: გასული წლის 19 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ შეთანხმებულ ქმედებაზე მწვავე განცხადება ვაავრცელა.  განცხადების თანახმად,მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდებოდა. რამდენიმე დღეში აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები გავრცელდა.


ასევე შეგახსენებთ, რომ მანამდე, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იდენტური ფასების შეთავაზების საქმეზე კონკურენციის სააგენტომ 4 მსხვილი ფარმაცევტული კომპანია ჯამში 53 მილიონი ლარით დააჯარიმა.