მორიგი რეგულაციები კლინიკებისთვის, ამჯერად - ფსიქიატრიული პროფილის დაწესებულებებისთვის. ყველა მათგანი ვალდებულია, 2025 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ახალ, დამატებით პირობებთან.


კერძოდ, ფსიქიატრიული მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარული დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ან ერთეული უნდა იყოს იზოლირებული სხვა სომატური განყოფილებებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების მიწოდების შემთხვევაში,  ბავშვებისთვის უნდა ფუნქციონირებდეს ცალკე ერთეული. 


კლინიკის ან განყოფილების შესასვლელი უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს სატრანსპორტო საშუალების მისასვლელს. მრავალპროფილურ სტაციონარში ინტეგრირების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შესასვლელი.


პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ღია სივრცეები - უსაფრთხო, დაცული ეზო, გარემო პირობების ზემოქმედებისგან (მზე, წვიმა) დაცვის საშუალებებით აღჭურვილი საერთო ფართით − 2.5 კვ/მ 1 საწოლზე, მაგრამ არანაკლებ 100 კვ/მეტრისა.

ფსიქიატრიული მომსახურების ერთეული უნდა შედგებოდეს შემდეგი ფუნქციური სივრცეებისგან: მიმღები/რეგისტრატურა, პაციენტის შეფასების/დაკვირვების სივრცე, სამკურნალო სივრცე: პაციენტის პალატები, საპროცედურო ოთახი, ოთახები პერსონალის საქმიანობისა და სათავსებისთვის (მათ შორის მედიკამენტების შესანახი ოთახ(ებ)ი), სასადილო სივრცე, სივრცე დღიური აქტივობების/რეკრეაციისთვის, დეესკალაციის ოთახი,  სანიტარიული კვანძი, თამბაქოს მოსაწევი ადგილი პაციენტებისთვის,  ექიმისა და სხვა პერსონალის კაბინეტ(ებ)ი  მოსასვენებელი ოთახ(ებ)ით,პაციენტთან შეხვედრების სივრცე, ადმინისტრაციული/პერსონალის/სათავსების სივრცე. ამ უკანასკნელი პირობების დაკმაყოფილება აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2027 წლის 1 იანვრიდან. 
რაც შეეხება პალატებს,  ერთსაწოლიანი პალატების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 კვ/მ-ისა. კარის საკეტები უნდა იძლეოდეს ექსტრემალურ სიტუაციაში პერსონალის მიერ მისი გახსნის შესაძლებლობას.


პალატების, საპროცედუროების, სამკურნალო,  თერაპიისთვის  განკუთვნილი სივრცეების კედლებში გამოყენებული უნდა იყოს ხმაურდამცავი მასალა (2027 წლის 1 იანვრიდან). 


ფანჯრებისთვის გამოყენებული უნდა იყოს უსაფრთხო მინა, რომელიც დაფარულია მსხვრევის საწინააღმდეგო ფირით  ან დამზადებულია ნაწრთობი მინისგან და ისეთი ტექნოლოგიით, რომ დამსხვრევის შემთხვევაში უსაფრთხოა ადამიანისთვის. ფანჯრების მოწყობა უნდა იძლეოდეს ფანჯრის არაუმეტეს 10 სმ-ზე გაღების შესაძლებლობას ან ჰქონდეს მცირე ზომის სარკმელი, რომლის ზომა გამორიცხავს პაციენტის სარკმელში გაძრომის/ვარდნის  შესაძლებლობას. ასევე უნდა იყოს განგაშის სისტემები დაწესებულების პერსონალისთვის (ეს სტანდარტებიც ასევე 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს). დაწესებულებაში/ერთეულში 20 ფსიქიატრიულ საწოლზე უნდა იყოს არანაკლებ 1 ექთანი და ექთნის 1 დამხმარე. 2027 წლის 1 იანვრიდან კი 10 ფსიქიატრიულ საწოლზე უნდა იყოს არანაკლებ 1 ექთნის დამხმარე.

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმი ფსიქიატრი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ფსიქიატრიული მდგომარეობების მართვის (მათ შორის, დეესკალაციის ტექნიკები, ფსიქიკურ აშლილობათა მართვა, პაციენტის უფლებები) მიმართულებით და ყოველწლიურად  აგროვებდეს 20 უპგ ქულას. ყველა ექთანმა უნდა გაიაროს სასწავლო კურსი გადაუდებელი მდგომარეობების მართვის საკითხებზე.


2024 იანვრიდან კი დაწესებულებამ სტაციონარული შემთხვევის დადგომისა და დასრულების შესახებ ინფორმაცია უნდა ასახოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში − „ფსიქიკური ჯანმრთელობის რეგისტრში“.


საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე ძალაშია. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ახალი სტანდარტები დაწესდა სხვადასხვა პროფილის კლინიკებისთვის. ესაა ქირურგიული და რეანიმაციის მქონე დაწესებულებები, სტომატოლოგიური  კლინიკები, სამშობიაროები.