ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელმა არჩილ მორჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ კლინიკებში, სადაც უკვე ჩატარდა წინასწარი შეფასება, სხვადასხვა მდგომარეობაა - ზოგან კარგი, ზოგან - არცთუ სახარბიელო. თუმცა მონდომების შემთხვევაში, აკრედიტაციის მიღება ყველას შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) გააკეთა არჩევანი.

მორჩილაძე ამბობს, რომ მათ უკვე გაამზადეს ქართველი აუდიტები და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი 2024 წლიდან ქართველი აუდიტების თანამონაწილეობით წარიმართება, რაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად დაზოგავს კლინიკების ხარჯებს, ვინაიდან უცხოეთიდან მგზავრობის თანხა და სასტუმროში განთავსების ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, ამასთანავე გაიოლდება კლინიკებთან კომუნიკაცია ენობრივი ბარიერის კუთხით.

არჩილ მორჩილაძის განმარტებით, ამ ეტაპზე აპლიკაცია შევსებული აქვს 70-მდე კლინიკას, აქედან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 30-მდე კლინიკასთან. 

„აკრედიტაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კლინიკების წინასწარ შეფასებას. ეს არის აკრედიტაციის ერთგვარი სიმულაცია, რაც ეხმარება კლინიკებს შეაფასონ აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე.


ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შეფასებამდე კლინიკებს ეძლევათ საშუალება, გაეცნონ AACI სტანდარტებს ქართულ ენაზე. ამის შემდეგ ჩატარდება კლინიკების მენეჯმენტის ტრენინგი, რათა მათ გაიგონ ამ სტანდარტების არსი და მათი დანერგვის გზები. სტანდარტებში არის სამი მიმართულება: ზოგადი, კლინიკური მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურული გარემო. ყველა ამ მოდულზე საჭირო იქნება კონკრეტული წერილობითი პროცედურების გაწერა,“ - აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.


მისივე თქმით, თავად ჯანდაცვის სამინისტრომ სანებართვო პირობების შემოწმების შედეგად ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოაგვარებინა კლინიკებს, ამიტომ ფიზიკური გარემოს კუთხით გადაულახავი შეუსაბამობები პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„კლინიკა ვალდებულია გაწერილი ჰქონდეს როგორც პაციენტების მომსახურების ეტაპები, ასევე საჩივრების მიღების და განხილვის პროცედურები. სტანდარტებში ყველა უმნიშვნელო დეტალი გათვალისწინებულია. ასევე მუდმივად ხდება მათი განახლება, საჭიროების შემთხვევაში ზედმეტი და არასაჭირო და დაუსაბუთებელი მოთხოვნების ამოღება,“ - განაცხადა მორჩილაძემ. 


შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება კლინიკებს 2025 წლიდან აქვთ, მიმდინარე წლის ბოლომდე კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინონ მააკრედიტებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რითიც დაადასტურებენ აკრედიტაციის პროცესის დაწყებას. საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.