შესაძლებელია თუ არა მომდევნო წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე მიმართულმა თანხებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5% შეადგინოს? ეს კითხვა ჯანდაცვის კომიტეტზე, 3 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს დაუსვეს. კითხვის ავტორი უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე იყო, რომელიც დაინტერესდა, რეალისტურია თუ არა 2025 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5% მიემართოს. დეპუტატის განმარტებით, ამ ეტაპზე ეს წილი 1,9%-ს შეადგენს.


მინისტრის მოადგილის თქმით კი აღნიშნული ზრდისთვის საჭიროა ჯანდაცვისკენ 500 მილიონი ლარის მიმართვა, რაც ძალიან რთული იქნება მშპ-სთან მიმართებაში გადასახადების შემცირების ფონზე.

„ვერ მოგატყუებთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, როგორი იქნება ბიუჯეტი  საბოლოო ჯამში და ეს იქნება ერთად სამსჯელო, თუმცა ციფრებით რომ ვიმსჯელოთ, დაახლოებით 2%-დან, რაც ნაერთი ბიუჯეტიდან გვაქვს, 2,5 %-ზე ასვლა ნიშნავს დამატებით 500 მილიონი ლარის მიმართვას ჯანდაცვაში, რაც ძალიან რთული იქნება, თუ რაიმე სხვა რადიკალური გადაწყვეტილებები არ მივიღეთ. ჩვენ თუ შევხედავთ გადასახადებს - წელს დაახლოებით 26%-ია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. იქითა წელს შეგვიმცირდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ვინაიდან წელს გარკვეული ერთჯერადი შემოსავლები გვქონდა, და ჩამოვა 25,6%-ზე. ანუ ისედაც 0,4 გვაკლდება და 0,5 კიდევ უნდა დაემატოს. ეს ნიშნავს, რომ გადასახადების სხვა წყარო უნდა ვიპოვოთ ან სხვა მიმართულებით რაღაცეებს უნდა გადავხედოთ. ეს უკვე არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები. პირობითად, ინფრასტრუქტურას მოვაკლებთ, სოფლის მეურნეობას, განათლებას, სოციალურს თუ სხვა. ხშირად არის ხოლმე შედარება სხვადასხვა ქვეყანასთან, თუმცა სამწუხაროდ ედარება ხოლმე მხოლოდ ხარჯები, გადასახადებიც შევადაროთ. როცა გადასახადები არის მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 35%,  იქ 3 და 4%-საც დააფინანსებ, მაგრამ როცა არის 25% გადასახადი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რთულია იგივე პროცენტები გვქონდეს, რა პროცენტებიც 35%-იანი გადასახადების პირობებშია,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 


შეგახსენებთ, რომ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ თანახმად, 2030 წლისთვის ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-დან 7% უნდა იყოს.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის პროგრამებზე 1 მლრდ 802 მლნ ლარია გამოყოფილი.