2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ბოჭორიშვილის კლინიკის შემოსავლები 32%-ით შემცირდა, რაც COVID 19-ის პანდემიის სახელმწიფო პროგრამების შემცირებითაა განპირობებული. ამის შესახებ კლინიკის 2022 წლის ფინანსურ და მმართველობის ანგარიშგებაშია აღნიშნული.


დოკუმენტის თანახმად, კვლავ ძალიან დიდია შემოსავლებში სახელმწიფო პროგრამების წილი, რომელმაც 2022 წელს 76% შეადგინა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 87.13% იყო.

კლინიკა სახელმწიფო დაფინანსების დამოკიდებულების რისკებზე საუბრობს და ფინანსური რისკების კუთხით ასახელებს იმას, რომ არსებობს საყოველთაო ჯანდაცვის მიერ თანხების დაგვიანებით ანაზღაურების, სახელმწიფოს მხრიდან კორექტირებებისა და ფიქსირებული ფასების ფაქტორი.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქმიანობის სფერო დიდ წილადაა დამოკიდებული სახელმწიფოს პოლიტიკაზე. 2022 წელს, კლინიკის მიერ მიღებული შემოსავლების დაახლოებით 76%-ი დაფინანსდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მიერ. „სუბსიდირების ერთ სუბიექტთან თავმოყრა სხვადასხვა რისკების მატარებელია, მითუმეტეს თუ ეს სუბიექტი თავად არის ბიზნეს სფეროს პოლიტიკის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი,“- ნათქვამია კლინიკის ფინანსურ ანგარიშგებაში.

ცნობისთვის: 2011 წელს, შპს“ავერსი-ფარმამ“ ღია აუქციონზე იყიდა „სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის“ და „ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს“ ტერიტორია, შენობა-ნაგებობებით. 2014 წელს, შეიქმნა ახალი, შპს „ავერსი-ფარმას“ მიერ დაფუძნებული შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“

ჩადებული იქნა რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია და განახლებულმა კლინიკამ ფუნქციონირება განაგრძო 150 საწოლზე. პაციენტებს მიეწოდათ შემდეგი სერვისები: გადაუდებელი დახმარება, პედიატრია, ჩირქოვანი ქირურგია, მოზრდილთა ინფექციური, გინეკოლოგია, კარდიოლოგია, ბავშვთა და მოზრდილთა რეანიმაცია. 2018 წლიდან კლინიკამ დამატებით მიაწოდა შემდეგი სერვისები: ნევროლოგია, ზოგადი და გადაუდებელი ქირურგია, ტრავმატოლოგია. 2019 წლიდან კი დაემატა მულტიპროფილური და ნეფროლოგიური დეპარტამენტები.