რეგულირების სააგენტომ ,„ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრში ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. ეს ბოლო ერთ კვირაში მსგავსი დარღვევის გამოვლენის მესამე შემთხვევაა. საუბარია ისეთ ფაქტებზე, როცა კლინიკებში, რომლებმაც 1 სექტემბრისთვის ქირურგიისა და რეანიმაციის ახალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს და შესაბამისად აეკრძალა კონკრეტული სამედიცინო სერვისების გაწევა, ასეთი ოპერაციები მაინც ტარდება.

ასეთი შემთხვევების გამოვლენის გამო „იმედის კლინიკა“ და გია მუხაშავრიას კლინკები დაჯარიმდნენ, გუშინ კი რეგულირების სააგენტომ იგივე დარღვევების გამო „ჯაფარიძე-ქევანიშვილის“ კლინიკის დაჯარიმების შესახებ განაცხადა. 


„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. კერძოდ, კლინიკამ, 4 პაციენტს, გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.


შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას. დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოსთვის, აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული მომსახურება. უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით,“ - ნათქვამია რეგულირების სააგენტოს განცხადებაში. 

ცნობისთვის: რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებული იყო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაეკმაყოფილებინა.